შეხვედრა მოსკოვში - რუსეთი აფხაზებისგან „ბიჭვინთის ხელშეკრულების“ რატიფიკაციას უცვლელად მოითხოვს

რუსული მხარე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტისგან „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის ხელშეკრილების რატიფიკაციას უცვლელად მოითხოვს და მასში ცვლილებების შეტანაზე მხოლოდ ცალკე დადგენილების მიღებას სთანხმდება. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე აფხაზურ მხარეს რუსმა დეპუტატებმა განუცადეს, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, დაცვის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რადგან ეს უწყება 1995 წელს გაფორმებული ე.წ. სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების ხელმომწერია. აფხაზები ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთისა და საზღვაო აკვატორიის კოორდინატების ცვლილებას, ანუ გადასაცემი ტერიტორიის შემცირებას მოითხოვენ.

დე ფაქტო პარლამენტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დაუთ ხუთაბას თქმით, არასწორი კოორდინატები კურორტ „ბიჭვინთის“ ნაწილს, საზღვაო აკვატორიასა და ბიჭვინთიდან სოფელ ლძაასკენ მიმავალ გზებს ეხება, ამიტომ „არსებული ვერსიით შეთანხმების მიღება შეუძლებელია“.

„ხელშეკრულებაში კოორდინატების სერიოზული პრობლემაა და ტერიტორია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმასთან შედარებით, რასაც რეალურად უნდა მოიცავდეს“, - აცხადებს დაუთ ხუთაბა.

ამასთან, აფხაზებს სურთ, ხელშეკრულებაში ჩაიწეროს, რომ „რუსულ მხარეს არ აქვს უფლება, გაასხვისოს ან გადასცეს მესამე პირს უფლებები ამ შეთანხმებით მითითებულ ობიექტზე, მიწის ნაკვეთებსა და ზღვის აკვატორიის ნაწილზე, აგრეთვე, აშენებულ შენობებზე, ნაგებობებსა და მოწყობილობებზე“. ამასთან, აფხაზები მოითხოვენ, რომ „ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ უძრავი ქონების ობიექტები აფხაზურ მხარეს მხარეთა მიერ განსაზღვრული წესით და ვადებში დაუბრუნდეს“, რაც ასევე ხელშეკრულებაში უნდა იყოს ასახული. თუმცა რუსული მხარე რატიფიკაციამდე ხელშეკრულებაში ამ ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია და ერთადერთ კომპრომისს უშვებს, რომ აფხაზებმა ცვლილებებზე დამატებითი დადგენილება ან კომუნიკე მხოლოდ რატიფიკაციის შემდეგ მიიღონ.

„ამ საკითხზე ჩვენ მათ არ დავეთანხმეთ. ხელშეკრულების რატიფიცირებას გვთავაზობენ ისე, როგორც არის და სურთ, გარკვეული ცვლილებები მასში მხოლოდ შემდეგ შევიტანოთ. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ხელშეკრულების რატიფიცირებამდე ცალკე ოქმში მივიღოთ და შეთანხმებას თან დავურთოთ, რასაც ისინი არ ეთანხმებიან. მოითხოვენ არსებული სახით მიღებას, მაგრამ, მაპატიეთ, თუ მე ყველაფერს ისე ვიღებ, როგორც არის, ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების შინაარსს ვეთანხმები. მაშინ, რაღატომ უნდა შევიტანო რაიმე ცვლილება მასში მოგვიანებით?!“ - განაცხადა ე.წ. დეპუტატმა, კან კვარჩიამ დე ფაქტო პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იქვე მან საინტერესო ფაქტი გაახმიანა: რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნებული „დეპუტატები“ რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე დააკავეს და მათი პირადი ნივთები დეტალურად შეამოწმეს.

„ეს შეურაცხმყოფელია, რადგან ჩვენი ვიზიტი შეთანხმებული იყო. მეტიც, ჩვენ დიპლომატიური პასპორტებით ვსარგებლობთ. ეს დამოკიდებულება ბევრ კითხვას ბადებს. ასეთი მიდგომა მიუღებელია და ჩვენს ურთიერთობებს ხელს უშლის“, - აცხადებს კვარჩია.

მან დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს ფაქტი უკვე აცნობა და იმედოვნებს, რომ „უწყება შესაბამის ნოტას მოამზადებს“.

მოსკოვთან 2022 წლის 19 იანვარს გაფორმებული შეთანხმება ბიჭვინთაში მდებარე „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადაცემას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებას საფუძვლად დაედო 1995 წლის 14 სექტემბრს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის დაცვის მთავარ სამმართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბიჭვინთის აგარაკი რუსულ მხარეს იჯარით გადაეცა. ეს არის ნაკრძალი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც 184 ჰექტარ რელიქტური ფიჭვნარის პარკს მოიცავს. აღსანიშანვია, რომ მიმდინარე წლის 19 იანვარს გაფორმებული შეთანხმების შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებამ მხოლოდ 11 ივლისს შეიტყო, რადგან დოკუმენტი დე ფაქტო პარლამენტში განსახილველად გასაჯაროვდა, რასაც სოხუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი საბჭოთა ლიდერების საზაფხულო რეზიდენცია იყო, სადაც ისტორიული მოვლენებიც ხდებოდა. საერთო ჯამში, აფხაზეთში საბჭოთა ლიდერების ხუთი სახელმწიფო აგარაკია, მათ შორის არის სტალინის აგარაკიც. საბჭოთა კავშირში რამდენიმე ათეული ასეთი ობიექტი იყო. ყველა მათგანი სტალინის პერიოდში, 1931 წლიდან 1949 წლამდე აშენდა. მათ, თითქმის, ერთნაირი განლაგება და უსაფრთხოების გაძლიერებული სისტემა ჰქონდა, ინტერიერი კი ხის იშვიათი ჯიშების მასალით არის მორთული.

294151920-840525183596281-4819888971076883956-n-1668597177.jpg

მოამზადა ლადო სულაბერიძემ