ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობამ 24.4 მლნ ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,2%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტში განუცხადეს.

იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნედლეულის 78,8% გადაიქაჩა. ამ მილსადენის გავლით ტრანზიტული ნავთობის მოცულობამ 4.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 46,8%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

ამჟამად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოთა ბლოკის ნავთობისა და შაჰ-დენიზის საბადოს კონდენსატის ტრანსპორტირება ხდება. მასში, ასევე, კომპანია SOCAR-ის ნავთობი გადის. ამასთან, მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც ხდება.

ნავთობსადენის სიგრძე 1768 კმ-ია, აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ