ღირს თუ არა ბინების ყიდვა და ამისთვის იპოთეკური სესხის აღება საქართველოში

საქართველოს დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, უძრავი ქონების ფასი მუდმივად იზრდება. "თიბისი კაპიტალის" ცნობით, 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 20%-ით გაიზარდა. 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვადრატული მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 967 აშშ დოლარს შეადგენს. ქირის ფასი კი 74%-ით არის მომატებული და წლეულს სექტემბერში 1 კვმ-ზე საშუალოდ 9 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ტრანზაქციებს, სექტემბერში თბილისში 3 788 უძრავი ქონების გაყიდვა აღირიცხა. ტრანზაქციები ყველაზე მეტად, 94%-ით გაიზარდა კრწანისში, მას მოსდევს მთაწმინდა 67%-ით, ხოლო მესამე დიდი დიღომია, სადაც მისი რაოდენობა წლიურად 44%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თბილისში ახალაშენებული საცხოვრებელი უძრავი ქონების 1 კვმ-ის ღირებულება - გასაყიდი, შეთავაზებული ფასები საშუალოდ, უბნების მიხედვით 2.500-დან 4.000-მდე ლარამდე მერყეობს (იხ. ცხრილი). რას გვაჩვენებს ეს მონაცემები, რამდენად ადეკვატურია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და ღირს თუ არა ბინების ყიდვა და ამისთვის იპოთეკური სესხის აღება, აგრეთვე რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს - ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა.

- საქართველოში უძრავი ქონების გაძვირებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: პირველი - სულ იზრდება მოთხოვნა, თუნდაც ბოლო 20 წელიწადში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ასეთ ქვეყნებში ერთ-ერთი მარტივად განსავითარებელი და სწრაფად მზარდი სამშენებლო სექტორია, ჩვენთანაც სწორედ ეს ხდება - სექტორი შედარებით მარტივად ვითარდება. საცხოვრებელი განვითარებად ქვეყნებში ისეთივე პირველადი მოთხოვნაა, როგორიც, მაგალითად, საკვები. ამიტომაა, რომ მოთხოვნა ყოველთვის მაღალია და ეს წლების განმავლობაში გრძელდება, რაც შესაბამისად, ფასსაც ზრდის.

საქართველოში ბოლო პერიოდში მეორე ფაქტორიც დაემატა - შემოვიდა ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე და მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა როგორც უძრავი ქონების ყიდვაზე, ასევე ქირაობაზე, ეს ორი რამ კი ერთმანეთს უკავშირდება. ქირის გაზრდილი საფასური და გაზრდილი მოთხოვნა, საბოლოოდ, უძრავი ქონების ფასზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, ისევე როგორც სხვა ყველაფერზე, ფასები მკვეთრად რომ იზრდება, ეს ისევ და ისევ ინფლაციის ბრალია - ანუ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა ექსპანსიურია - ქვეყანაში მკვეთრად იზრდება ფულის მასა და ამის გამო ძვირდება ყველაფერი: სურსათი, ტრანსპორტი, ჯანდაცვის სექტორი თუ სხვა, მათ შორის უძრავი ქონებაც. ჭარბი ფულის მასა ქმნის ჭარბ მოთხოვნას და ძალიან პატარა კრიზისიც რომ განვითარდეს, ბევრ სამშენებლო კომპანიას შეიძლება პრობლემა შეექმნას. ეს მოხდა 2009 წელს მთელ მსოფლიოში. ასე რომ, ფასების ზრდას ორი მთავარი მიზეზი აქვს - მოთხოვნა და ინფლაცია.

გააგრძელეთ კითხვა