”თებერვალში გაზრდილია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა”

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, თებერვალი საკმაოდ იმედიანი თვე იყო.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ფინანსთა მინისტრს თებერვლის ეკონომიკური მაჩვენებლებისა და ბიუჯეტის შესრულების მონაცემების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სთხოვა. ხადურის განცხადებით, თებერვალში გაზრდილია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა.

"თუ შარშან ის შეადგენდა 3.4 მილიარდ ლარს, მიმდინარე წლის თებერვალში გაზრდილია 15.5%-ით და შეადგენს 3.9 მილიარდ ლარს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დღგ-ს ბრუნვები გაზრდილია 700 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით, 10%-ით. დღევანდელი დილის მდგომარეობით, წლის დასაწყისიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 1 მილიარდ 354 მილიონი ლარის გადასახადები, რაც 104 მილიონი ლარით მეტია შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამავე დროს, ბიუჯეტიდან გაწეულია 1 მლრდ. 670 მილიონი ლარის ხარჯი, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით არის 165 მილიონი ლარით მეტი. ასევე 123 მილიონი ლარით გაზრდილია საბოლოო ნაშთი, ეს არის 478 მილიონი ლარი, აქედან 272 მილიონი განთავსებულია კომერციულ ბანკებში", - განაცხადა ხადურმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, თებერვლის თვის ტენდენცია იყო ძალიან საინტერესო. მისივე თქმით, საინტერესოა ის, რომ დასაბეგრი ბრუნვები 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო განთავისუფლებული ბრუნვები - 41%-ით.