Bloomberg - 2024 წლიდან Apple-ი ამერიკულ ჩიპებზე გადავა

2024 წლიდან Apple-ი ამერიკულ ჩიპებზე გადავა, რომელსაც კომპანიის მიერ არიზონაში შეძენილი ქარხანა აწარმოებს. ამის შესახებ Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა გერმანიაში, ადგილობრივ ინჟინრებთან და საცალო მოვაჭრეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რასაც Bloomberg-ი ავრცელებს.

არიზონის ქარხანა ამჟამად მშენებარეა და ფუნქციონირებას 2024 წელს დაიწყებს. სააგენტოს შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აზიურ წარმოებაზე კომპანიის დამოკიდებულების შესამცირებლად. კუკი ამბობს, რომ Apple-მა ჩიპების მიწოდება შესაძლოა, ევროპის ქარხნებიდანაც გააფართოვოს.

Bloomberg-ის ცნობით, არიზონას ქარხნის ოპერატორი Apple-ის ექსკლუზიური პარტნიორი, ჩიპების მწარმოებელი კომპანია, Taiwan Semiconductor Manufacturing Co (TSMC) იქნება. გამოცემის თანახმად, TSMC აშშ-ში მეორე ქარხანასაც ეძებს. მას შემდეგ, რაც Bloomberg-მა კუკის სიტყვები გაავრცელა, TSMC-ის აქციები ტაივანის ვაჭრობაზე 2,9%-ით გაიზარდა.

ტაივანურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარხანა თავდაპირველად თვეში 20 000 ჩიპს აწარმოებს და 5-ნანომეტრულ საწარმოო პროცესს გამოიყენებს. თუმცა Apple უფრო მოწინავე, 3-ნანომეტრულ ჩიპებისკენ მიისწრაფვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარხნის სიმძლავრე კომპანიას საწყის ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებს.

Bloomberg-ის ცნობით, Apple-ს აშშ-ში სხვა ადგილობრივი მიმწოდებლებიც ჰყავს, რომლებიც კომპონენტებს ქვეყნის შიგნით აწარმოებენ. მაგალითად, Mac Pro-ს კომპიუტერები, რომლებიც აშშ-ში იყიდება, ტეხასში იწყობა. თუმცა ამჟამად Apple-ის პროდუქტების საბოლოო აწყობა ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებში ხდება.

კომპანია თავისი მოწყობილობებისთვის პროცესორებს ტაივანში მდებარე TSMC ქარხნებიდან იღებს. კუკის თქმით, პროცესორები, რომლის გლობალურ მიწოდებაში ტაივანის წილი 60%-ია, Apple-ის თითქმის ყველა პროდუქტის საფუძველში დევს. ჩიპებს, რომლებსაც Apple ქმნის, TSMC ამზადებს, ამიტომ, Bloomberg-ის შეფასებით, ამ წარმოების ნაწილის შეერთებულ შტატებში დაბრუნება, „მრავალი წლის შემდეგ აზიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ