რა უჯდება სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა?

"ქართული ციხე მსოფლიოში ერთ-ერთი იაფია, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ძალიან მცირეა"

ციხეში მყოფი მსჯავრდებულების შენახვა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა. იურისტებისა და ექსპერტების თქმით, ქართული ციხე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფია. თუმცა, მათივე განცხადებით, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პატიმრისთვის დღიურად გამოყოფილი თანხა არცთუ ისე მცირეა.

ცხადია, ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობისთვის პატიმრის შენახვა იოლი სულაც არ არის. კვებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ტანსაცმელი, თეთრეული და სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საშუალო სტატისტიკურ ოჯახს ყოველთვიურად ერთი პატიმრის შენახვა სულ მცირე 50-100 ლარი უჯდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რამდენია ოჯახის საშუალო შემოსავალი და სოციალური შემწეობა, ადვილი მისახვედრია, რა მძიმე ტვირთად აწვება პატიმრის შენახვა ოჯახის ბიუჯეტს.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსგან ჩვენ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მიმდიანრე წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან ერთი პატიმრის შესანახად დღიურად 31 ლარი და 28 თეთრია გამოყოფილი. რაც მცირედით ნაკლებია წინა წლის დღიურ ხარჯთან შედარებით. 2014 წლის ბიუჯეტიდან ერთი პატიმრის შენახვის დღიური ხარჯი - 33,69 ლარი იყო. ამ თანხაში შედის კვების რაციონი, რბილი ინვენტარი, სამედიცინო მომსახურება და სხვა. სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის შესრულებამ შეადგინა 124 349 ლარი - 10 115 პატიმარზე, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტი - 125 595 000 ლარი გათვლილია 11 000 პატიმარზე. "ამ უმნიშვნელო სხვაობის მიუხედავად ბრალდებულ-მსჯავრდებულთა ყოფითი (კვების რაციონი, რბილი ინვენტარი და ა.შ.) და საცხოვრებელი პირობები უცვლელია, - ნათქვამია სამინისტროს წერილში.

იურისტ ციალა რატიანის თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს დაფინანსება მეტად მცირეა. "რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს თანხა მეტად მცირეა. თუმცა, საქართველოს რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, მაშინ ეს არცთუ ისე მცირეა. თვეში გამოდის 900 ლარზე მეტი. ამ თანხას თუ შევადარებთ იმ სოციალურ დახმარებას, რომელსაც სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ, მაშინ ერთ პატიმარზე გამოყოფილი თანხა (31, 28 ლარი) საკმაოდ შთამბეჭდავადაც ჟღერს. არსებობს უამრავი ოჯახი, სადაც 2-3 წევრის საერთო საშუალო თვიური შემოსავალი სწორედ 900 ლარია. ამ შემთხვევაში ეს დაფინანსება ისევ ჩვენს ანუ საზოგადოების ხარჯზე გადადის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში პატიმართა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ეს თანხა მისაღებად შეიძლება ჩავთვალოთ. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურად მაღალ თანხობრივ შეფასებამდე მივდივართ. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ის უსაფრთხოება და დამატებითი გარანტიები, რომელსაც საზოგადოება ამ თანხის სანაცვლოდ იღებს. გარკვეულმა პიროვნებამ დანაშაული ჩაიდინა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოათავსეს. შესაბამისად, საზოგადოების უსაფრთოხებიდან გამომდინარე, ეს ხარჯი გამართლებული უნდა იყოს. ფაქტობრივად, ჩვენ შეფასებით კატეგორიამდე მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური დანახარჯი გადამრავლებული ერთ თვეზე, თითქოს მაღალია, მიმაჩნია, რომ ეს გადასახადი საზოგადოების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით გამართლებულია", - ამბობს ციალა რატიანი.

ადვოკატს სხვა ქვეყნების მაგალითიც მოჰყავს, სადაც პატიმრის შესანახად გამოყოფილი თანხები განსახვავებულია, თუმცა, საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია. ციალა რატიანის თქმით, ამერიკაში ერთი პატიმრის შესანახად დღიურად 100 დოლარზე მეტია გამოყოფილი. "თუმცა, აღნიშნულ ქვეყანას შემოსავალიც გაცილებით მაღალი აქვს. თუ ჩვენ პროპორციულად გავყოფთ, დაახლოებით თანაბარ ციფრს მივიღებთ თითოეული ადამიანის შემოსავალსა და პატიმარზე დახარჯულ თანხას შორის. ქართული ციხის შემთხვევაში, პატიმრისთვის გამოყოფილ დღიურ დანახარჯს ერთი პიროვნების საშუალო შემოსავალზე თუ გავამრავლებთ, რა თქმა უნდა, იაფი ციხე სულაც არ გამოდის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა აღარ დგას. სასამართლო ცდილობს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პიროვნებას აღკვეთი ღონისძიება არ შეუფარდოს და იქით მოხდეს გადაფარვა, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას. ამდენად, ქართული ციხე მსოფლიოში ერთ-ერთი იაფია, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ძალიან მცირეა", - აღნიშნავს ციალა რატიანი.

რიმა გ-ს ვაჟიშვილი გეგუთის კოლონიაში იხდის სასჯელს. პატიმარს დედა და ავადმყოფი და ჰყავს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა. ოჯახის სარჩენად დედა იტალიაში გაემგზავრა. უკვე წლებია, რაც იქ მუშაობს. "5 წელზე მეტია, რაც საქართველოდან გადავიხვეწე. ოჯახს შემოსავალი არ ჰქონდა, ჩემი შვილი ყაჩაღობისთვის დაიჭირეს. მოგეხსენებათ, ჩვენისთანა გაჭირვებული ოჯახებისთვის პატიმრის შენახვა რა ძნელია. საქართველოში ყოველთვე ჩემს ოჯახს 100 ევროს ვუგზავნი, შესაბამისად, ჩემს პატიმარ შვილს ყოველთვე 100 ლარს ვურიცხავთ. ახლა ძალიან გამიჭირდა და გუშინ 20 ლარზე მეტი ვერ ჩავურიცხე. ჩემი შვილის მრცხვენოდა. ციხეში სიგარეტი უნდა, ტანსაცმელს, თეთრეულს ჩვენ ვუგზავნით. საერთო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. მადლობა ღმერთს, რომ რამდენიმე თვეში გამოდის და ამოვისუნთქავთ. უკვე 8 წელია, რაც ციხეშია", - გვითხრა ჩვენმა რესპოდენტმა.

სალომე გოგოხია