რუსეთში ქართული ღვინის ბაზრის განვითარებას შეზღუდვები აფერხებს

რუსეთის საცალო ვაჭრობასა და რესტორნებში ქართულ ღვინოებზე მოთხოვნა სტაბილურია. ამის შესახებ ღვინის სადისტრიბუციო კომპანია Real Authentic Wine-ის თანადამფუძნებელმა, ცნობილმა რუსმა სომელიემ, ვლადიმერ ბასოვმა Forbes Life-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ბასოვი რუსეთის ბაზარზე, სომხური ღვინოებისგან განსხვავებით, ქართული ღვინის სტაბილურობის მიზეზად საქართველოს ღვინის იმიჯს ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა დროიდან მოდის. ამას თან ერთვის ქართული სამზარეულოს პოპულარობა.

თუმცა რუსი სომელიე შენიშნავს, რომ რუსეთში ქართული ღვინის ბაზრის განვითარებას შეზღუდვები აფერხებს. ბასოვის ცნობით, „იმისთვის, რომ ქართული ღვინოები რუსეთში მოხვდეს, მწარმოებლებისგან სპეციალურ რუსულ სერტიფიკატს მოითხოვენ, ბევრი მათგანი კი ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად მზად არ არის“. სწორედ ამ მიზეზით, ბასოვის თქმით, „ბევრი საუკეთესო ქართველი მწარმოებელი რუსეთის ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის შესული“.

„ამ მხრივ სომხეთი იგებს, რადგან სომხური ღვინოებისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, - აცხადებს რუსი სომელიე.

ვლადიმერ ბასოვი ვარაუდობს, რომ „თუ სომხური ღვინოები უფრო ავთენტური და ცნობადი გახდება, მაშინ რუსულ ბაზარზე მათი პოზიციონირება ზოგადიდან უფრო კონკრეტული იქნება“.

„დღეს სომხურ ღვინოებს რუსეთში მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო აგემოვნებენ ან ის ხალხი სვამს, რომელიც ამ ქვეყანასთან არის დაკავშირებული. ჯერჯერობით, არ მიმაჩნია, რომ სომხური ღვინო - ეს ტრენდია“, - აცხადებს ბასოვი.

მისი თქმით, სამი წლის წინ სომხურ ღვინოებზე რუსეთში არავინ საუბრობდა და მომხმარებლისგან მნიშვნელოვანი მოთხოვნა არც დღევანდელ რუსულ ბაზარზე შეინიშნება.

ახლახან რუსული სააგენტო РБК ბაზრის ექპსერტებიზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ალკოჰოლურ ბაზარზე დასავლური სანქციების შედეგად გამქრალ უცხოურ ბრენდებს საახალწლოდ ქართული, სომხური და ინდური სასმელები ჩაანაცვლებს. კომპანია Luding Group-ის მარკეტინგის დირექტორი, ანდრეი უშაკოვი აცხადებს, რომ ქართულ და სომხურ კონიაკებზე, ასევე, ქართულ ჭაჭაზე, ღვინოსა და ხილის დისტილატებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, ხოლო ვისკის მიწოდება ინდოეთიდან განიხილება.

ამასთან, საცალო ვაჭრობის ქსელ Metro-ს რუსულ ოფისში, რომელიც, ძირიათადად, საბითუმო გაყიდვებს ეწევა, აცხადებენ, რომ საახალწლოდ ცქრიალა ღვინოებს ბაზარზე საქართველოდან და სომხეთიდან ასევე, გერმანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან შეიტანენ. РБК-ის ცნობით, საცალო მოვაჭრეს ეს პროდუქცია აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთში პირდაპირ შეაქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ