სახელფასო პოლიტიკას სჭირდება საკანონმდებლო რეგულაცია - მინისტრი

ბიუჯეტის 2023 წლის პროექტში ხელფასის საკანონმდებლო რეგულირებაა გაწერილი - ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ინიციატივა, საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას ემსახურება.

"მინდა შევეხო საჯარო სექტორში ხელფასებს და საჯარო სექტორის მდგრადობას. 2017 წლამდე საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში საშუალო ხელფასის 90%-ის ფარგლებში იყო. 2017 წლიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ხელფასების ზრდა და 2022 წლისთვის ეს ნიშნული 80%-ამდე ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა რომ 2022 წელს საბაზისო ხელფასი სახელმწიფო სექტორში ჩვენ 10%-ის გავზარდეთ კერძო სექტორში ხელფასების ზრდა გაცილებით მაღალი იყო და მეორე კვარტლის მონაცემებით თანადაფინანსება საჯარო და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გაიზარდა საჯარო სექტორში ხელფასის კერძო სექტორში ხელფასის 75% ნიშნულამდე. შესაბამისად ეს სხვაობა კიდევ უფრო შეიცვალა. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან, ნათელია, რომ სახელფასო პოლიტიკას სჭირდება საკანონმდებლო რეგულაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ხელფასების ზრდას საჯარო სექტორში. გარდა ამისა, ბიუჯეტში წარმოდგენილია შრომის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომლის გათვალისწინებითაც საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დაკავშირებული იქნება კერძ სექტორში ხელფასების ზრდასთან. ამასთან, კანონი განსაზღვრავს რომ საჯარო სექტორში ხელფასმა არ უნდა გადააჭარბოს კერძო სექტორში ხელფასის 90%-იან ნიშნულს"- განაცხადა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, განხორციელდება ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა. სხვა საჯარო მოხელეებს კი, ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ.

თამარ მუკბანიანი