ინდურმა კომპანიებმა რუსული სატანკერო ნავთობისგან დისტანცირება დაიწყეს

5 დეკემბრის მოახლოებასთან ერთად, როცა ევროკავშირის სანქციები შედის ძალაში, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთიდან ტანკერებში ჩასატვირთი ნედლეულის შეძენას ერიდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ამ საკითხის მცოდნე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მსოფლიოში უდიდესი გადამამუშავებელი კომპლექსის ოპერატორმა, Reliance Industries-მა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია Bharat Petroleum-მა 5 დეკემბრის შემდგომ პერიოდზე ჩატვირთვები არ შეუკვეთიათ. ამის შესახებ Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა. Reliance Industries ნავთობის ტრანზაქციებზე უცხოური ბანკების შესაძლო რეაქციით შეშფოთებულია. რადგან ის მეტად არის მიბმული დასავლურ ფინანსურ სისტემასთან და ნავთობგადამუშავებულ პროდუქტებს საზღვარგარეთ ყიდის. თუმცა, Reuters-ის ცნობით, შეკვეთებზე უარს ყველა არ ამბობს. მაგალითად, Indian Oil Corp-მა მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შეკვეთები მაინც განათავსა.

Reuters-ი ახლახან წერდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება მომავალი თვიდან ჩინურმა ქარხნებმაც დაიწყეს, მაშინ, როცა უკრაინის ომის დაწყებიდან ინდოეთი და ჩინეთი რუსული საწვავის მთავარი მყიდველები იყვნენ.

მეორე სააგენტომ, Bloomberg-მა ოქტომბერში დაწერა, რომ რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის მიწოდება სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.

G7-ის სახელმწიფოები სექტემბერში მესამე ქვეყნებში მიწოდებისთვის რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი დაწესებაზე შეთანხმდნენ. ეს მექანიზმი 5 დეკემბერს, ევროკავშირის ემბარგოს პარალელურად ამოქმედდება. ოქტომბრის შუა რიცხვებში აშშ-ის ხაზინა ზღვრულ ფასად ბარელზე 60 დოლარის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ნოემბერში ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეზღუდვა 5 დეკემბრამდე რუსული ნავთობით დატვირთულ და 19 იანვრამდე გადმოტვირთულ ტანკერებზე არ გავრცელდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ