"ვიმედოვნებთ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან კოორდინირებული მუშაობით, გრძელვადიან პერიოდში, კადრების დეფიციტის პრობლემას მოვაგვარებთ"

დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მკვეთრი დეფიციტი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაციების შეხვედრის მთავარი საკითხი”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა დასაქმების პერსპექტივებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რის შემდეგაც სააგენტოს საქმიანობისა და სერვისების პრეზენტაცია გაიმართა.

საუბარი ასევე შეეხო შრომის ბაზრის პოლიტიკასა და მის სპეციფიკას, კადრების მოძიების პროცესს, საკომუნიკაციო პლატფორმებსა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო მოდელებს.

შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, ტურიზმის ასოციაციის, მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის, თურქ ბიზნესმენთა ასოციაციისა და განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრა სადისკუსიო რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციების წარმომადგენლებმა ზემოხსენებულ პრობლემატურ საკითხებზე და შეჯერდნენ ერთობლივი სამუშაო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, BAG ინდექსის კვლევაში ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად, სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტი სახელდება.

„ეს არის ის საკითხი, რომელიც მწვავედ დგას თითქმის ყველა სექტორში და ჩვენი, ბიზნეს ასოციაციების ფუნქციაა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერა, რათა მოხდეს დასაქმებულისა და დამსაქმებლის მეტად დაახლოება. ვიმედოვნებთ, რომ სააგენტოსთან კოორდინირებული მუშაობით, გრძელვადიან პერიოდში, კადრების დეფიციტის პრობლემას მოვაგვარებთ “, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.