აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი მოხსენებით წამყვანი კომიტეტის წინაშე, ამჯერადაც, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარდგა. მომხსენებელმა ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე, კანონპროექტით გათვალისწინებულ უმნიშვნელოვანეს პროგრამებზე, პროექტებსა და სიახლეებზე ისაუბრა, კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

„კომიტეტმა, წარმოდგენილი დასკვნების, შენიშვნების, რეკომენდაციებისა და წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს და ცნობად მიიღეს ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა კანონმდებლებს საფინანსო–საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ გააცნო. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დასკვნა ცნობად მიიღეს.

სხდომაზე ბოლო საკითხად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც მისმა ინიციატორმა - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

კომიტეტის წევრებმა კანონის პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნიეს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.