სალვადორი ყოველ დღე ერთ ბიტკოინს შეიძენს

სალვადორი ყოველდღიურად თითო ბიტკოინს შეიძენს. ამის შესახებ ცენტრალური ამერიკის ამ რესპუბლიკის ლიდერმა, ნაიბ ბუკელემ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რასაც „გაზეტა.რუ“ ავრცელებს.

„ხვალიდან ყოველ დღე ერთ ბიტკოინს შევიძენთ“, - წერს ბუკელე.

Bitcoin Treasuries-ის მონაცემებით, დღეისათვის სალვადორის განკარგულებაში 2,38 ათასი ბიტკოინია. კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ზე ერთი ბიტკოინის ღირებულება 16 570 ათას დოლარს შეადგენს.

ოქტომბრის მეორე ნახევარში ცენტრალური ამერიკის უნივერსიტეტმა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სალვადორელთა 77,1%-ს არ სურს, რომ პრეზიდენტმა ბუკელემ სახელმწიფო ფულით ბიტკოინების ყიდვა განაგრძოს. ივნისში სალვადორის საკანონმდებლო ასამბლეამ დაამტკიცა კანონი, რომელითაც ბიტკოინი ქვეყანაში გადახდის კანონიერი საშუალება გახდა.

გასულ კვირას Binance-ის დამფუძნებელმა, ჩანპენ ჩჟაომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი მძიმე კრიზისშია და ზოგიერთი კომპანია უახლოეს მომავალში შესაძლოა, დაიხუროს. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური კრიზისი საუკეთესო ანალოგია იმისა, რაც ამჟამად კრიპტოვალუტის ბაზარზე ხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ