ირაკლი კოვზანაძე - არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2023 წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება

არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2023 წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება კიდევ შევამციროთ, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

კოვზანაძემ ბიუჯეტის დაგეგმვის კონსერვატიულ სცენარზე გაამახვილა ყურადღება.

„გასული 2021 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვამბობდი, რომ ორნიშნა ზრდა გვექნებოდა, ასევე ვამბობდი და ვითხოვდი დეფიციტის მაქსიმალურ შემცირებას. ჩემი პროგნოზები სწორი აღმოჩნდა. დეფიციტის შემცირებაზეა დამოკიდებული როგორც ლარის კურსის სიმყარე, ასევე ინფლაციის კლება და მთლიანობაში მონეტარული და ფისკალური სტაბილურობა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

კოვზანაძემ 2023 წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს მთავრობა 21 მილიარდ 154 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

„იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-მდე, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კოვზანაძის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 14 ნოემბრის სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.