ზურაბ ჩიკვილაძე -  პროგრამები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მომავალ წელსაც მზარდი ბიუჯეტით გაგრძელდება

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების თანხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, პროგრამები, რომელსაც თბილისის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს მომავალ წელს მზარდი ბიუჯეტით გაგრძელდება.

„სამწუხაროდ, გუშინ საკრებულოს ოპოზიციური ზოგიერთი წევრის მხრიდან გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს წარმოდგენილ ბიუჯეტში სოციალური პროგრამების თანხებთან დაკავშირებით აღინიშნება კლება, რაც დეზინფორმაციაა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სატრანსპორტო საშუალებებით გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის უფასო და შეღავათიანი ტარიფით გადაადგილებას უზრუნველყოფს, რომელიც 2023 წელსაც გაგრძელდება. ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული პროგრამის დაფინანსება სოციალური დაცვის პროგრამული ბიუჯეტიდან გადატანილია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდიის პროგრამის მუხლში, რაც ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას სტანდარტული პროცედურაა. პროგრამები, რომელსაც თბილისის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ახორციელებს მომავალ წელს მზარდი ბიუჯეტით გაგრძელდება,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ.

მათივე ცნობით, 2023 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტით ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გამოყოფილია - 144 160700 ლარი. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის განსაზღვრულია 27 160600ლარი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია 3 169 700 ლარით. სოციალური პროგრამებისთვის განსაზღვრულია 117 000 100 ლარი.