ირაკლი კობახიძე - კორუფციის სიმბოლო კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას - ყოველთვიურად 10 ათას ლარს აძლევს ხელფასად და 15 ათას დოლარს ანტიკორუფციული მოძრაობისთვის

კორუფციის სიმბოლო კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაა, როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ლევან ხაბეიშვილს.

„ყოველთვიურად 10 ათას ლარს აძლევს ხელფასად და 15 ათას დოლარს აძლევს ანტიკორუფციული მოძრაობისთვის. წარმოიდგინეთ, კეზერაშვილი აფინანსებს ხაბეიშვილის ანტიკორუფციულ მოძრაობას. კორუფციის სიმბოლო აფინანსებს ანტიკორუფციულ მოძრაობას, ესეც ხომ სირცხვილია?! როდესაც კეზერაშვილი აფინანსებს ცნობილ „ტროიკას“(ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ჯაფარიძე) ესეც ხომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა მან.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან კეზერაშვილის მისამართით ხშირად გაკეთებულ განცხადებებს რა მიზეზი და მიზანი აქვს, კობახიძე ასე პასუხებს: „მიზანი მარტივია, ის არის მთავარი დამფინანსებელი რადიკალური ოპოზიციის".

„სხვა რა უნდა იყოს ჩვენი საუბრის საფუძველი. ის აწვდის თანხებს „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტულ ფრთას, ასევე „ტროიკას“ და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს. ამიტომ გვიწევს მასზე საუბარი. დღეს, რადიკალურ ოპოზიციაში არის ოლიგარქიული გავლენები და, შესაბამისად, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია“,- აღნიშნა მან.