ფინეთს რუსეთთან საზღვრის შემოღობვა 143,4 მლნ დოლარი დაუჯდება

ფინეთის მთავრობა რუსეთთან საზღვრის გასწვრივ ღობის ასაგებად 143,4 მლნ დოლარს დახარჯავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის სასაზღვრო სამსახური 130-260 კმ ღობის აშენებას აპირებს, რაც საზღვრის მთლიანი სიგრძის 10-20%-ს მოიცავს. ფინელი მესაზღვრეების განცხადებით, ღობეები, პირველ რიგში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სასაზღვრო რაიონებში აშენდება.

საზღვრის შემოღობვა ფინეთმა ივნისში დააანონსა, „რომ ისეთი ჰიბრიდული საფრთხეებისთვის მოემზადოს, როგორიც არის თავშესაფრის მაძიებელთა პოტენციური მასიური შედინება“. ივლისში ხმების უმრავლესობით ფინეთის პარლამენტმა ჰიბრიდული მუქარისთვის მზადყოფნის კანონპროექტი მიიღო, რომელიც, როგორც წესი, თავშესაფრის მიინიჭების წესების კუთხით ევროკავშირში საკამათოა. ახალმა კანონმა პარლამენტს საშუალება მისცა, დაფინანსება დაეჩქარებინა. სასაზღვრო ღობის მშენებლობის საბოლოო დაფინანსებამდე ქვეყნის პარლამენტმა საპილოტე პროექტისთვის 5,8 მლნ დოლარი გამოყო.

ფინეთის სასაზღვრო სამსახურის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, პასი კოსტამოვაარი სექტემბრის ბოლოს აცხადებდა, რომ საპილოტე ნაწილი შესაძლოა, მომავალ ზამთარსა და გაზაფხულზე, ხოლო მთლიანი ღობე ორ-სამ წელიწადში აშენდეს.

Reuters-ი წერს, რომ ფინეთს რუსეთთან ომის ისტორიული გამოცდილება აქვს, თუმცა ქვეყნის ტყის ზონებში 1300 კმ სიგრძის საზღვარი მხოლოდ სასაზღვრო პუნქტებითა და პლასტიკური ნიშნებით არის მონიშნული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ