ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობასთან ერთად მეწარმეთა შესახებ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობასთან ერთად მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული, პრაქტიკული საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივვე ცნობით, შეხვედრის მთავარი საკითხი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები და სამეწარმეო რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები იყო.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საჯარო რეესტრის დირექტორი დავით დევიძე ესწრებოდნენ.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონით განსაზღვრული, როგორც საკანონმდებლო, ასევე პროგრამული ცვლილებები, მათ შორის ახალი, ერთიანი ელექტრონული პორტალი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ავტორიზებული გვერდით და თავად მართოს საკუთარი მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კომპანიებს სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვალდებულება წარმოეშვათ, რომელიც 2024 წლამდე უნდა შეასრულონ და ამ საკითხს შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. შეხვედრაზე ასევე, განხილულ იყო კანონით გათვალისწინებული სიახლეები, მათ შორის, კაპიტალის მოთხოვნა, კაპიტალის ვალუტა, მისი შემცირება და გაზრდა, კომპანიის საფირმო სახელწოდებასთან, ბიზნესის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული და სხვა პრაქტიკული საკითხები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება. მოხარულნი ვართ, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა თავად არის ჩართული პროცესში, ვინაიდან აღნიშნული კანონი ბიზნეს ოპერატორებისთვის საკვანძო საკითხებს არეგულირებს და ვიმედოვნებთ, რომ ზემოხსენებული თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება, რადგან ბიზნესის და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობა ჩვენის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.