მარკ ცუკერბერგს შემოსავლების გასაზრდელად WhatsApp-ისა და Messenger-ის იმედი აქვს

კომპანია Meta-ს გაყიდვების ზრდის შემდეგ ტალღას WhatsApp და Messenger განაპირობებს. ამის შესახებ Meta Platforms-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის მასშტაბით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

ცუკერბერგმა თანამშრომლებთან შეხვედრა Meta-ს პერსონალის პირველი მასობრივი შემცირებიდან ერთი კვირის შემდეგ გამართა. Reuters-ის შეფასებით, ის ცდილობს, კომპანიაში შეამსუბუქოს შეშფოთება, რომელიც სამსაურიდან 11 000 ადამიანის გათავისუფლებას მოჰყვა.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ მეტად გრძელვადიან შესაძლებლობებზე, როგორიც არის მეტავერსი, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენი ბიზნესის შემდეგი მთავარი საყრდენი ალბათ, უფრო ბიზნესშეტყობინებები იქნება, რადგან WhatsApp-ისა და Messenger-ის მეტი მონეტიზაციისთვის ვმუშაობთ“, - აცხადებს მარკ ცუკერბერგი.

Meta ზოგიერთ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოვაჭრეებს ჩათის აპლიკაციებით ესაუბროს და ტრანზაქციებიც განახორციელოს.

„ცუკერბერგის კომენტარები ტონისა და აქცენტების ცვლილებას ასახავს მას შემდეგ, რაც გასულ წელს გრძელვადიანი ამბიცია დააანონსა, რომ იმერსიულ (ჩაძირულ) მეტავერსის ააღორძინებდა და გაფართოებული რეალობის ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინვესტიციებზე ფოკუსირებას მოახდენდა“, - წერს Reuters.

ინვესტორებმა მაშინ ეჭვქვეშ დააყენეს ასეთი გადაწყვეტილება, რადგან Meta-ს ძირითადი სარეკლამო ბიზნესი მიმდინარე წელს სირთულეებს წააწყდა, რამაც მისი აქციების ფასი გაანახევრა.

Reuters-ის ცნობით, თანამშრომლებთან შეხვედრაზე ცუკერბერგმა შეამცირა ხარჯის ოდენობა, რაც კომპანიამ მეტავერსიულ ინვესტიციებზე პასუხისმგებელ განყოფილებას, Reality Labs-ს მოახმარა. მისი თქმით, Meta-ს ყველაზე დიდი ხარჯი სწორედ ადმიანური რესურსი იყო, რასაც კაპიტალური ხარჯები მოსდევდა. ხარჯების აბსოლუტური უმეტესობა სოციალური მედიის აპლიკაციების კომპლექტის მხარდასაჭერ ინფრასტრუქტურას მოხმარდა, ხოლო Reality Labs-ზე Meta-ს ბიუჯეტის მხოლოდ 20% დაიხარჯა.

ცუკერბერგი ამბობს, რომ Reality Labs-ის ფარგლებში, განყოფილება თავისი ბიუჯეტის ნახევარზე მეტს გაფართოებულ რეალობაზე (AR) ხარჯავდა. მისი თქმით, „ჭკვიანი“ AR-სათვალეების პროდუქტი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩნდებოდა ბაზარზე, ხოლო „მართლაც სრულყოფილი“ AR-სათვალე ამ ათწლეულში მოგვიანებით გამოჩნდება.

„ეს რაღაც თვალსაზრისით ყველაზე რთული სამუშაოა, მაგრამ, ასევე, ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს სამუშაოს ყველაზე ღირებულ პოტენციურ ნაწილად ყალიბდება,“ - აცხადებს მარკ ცუკერბერგი.

მისი მონაცემებით, Reality Labs-ის ბიუჯეტის, დაახლოებით, 40% ვირტუალურ რეალობას მოხმარდა, ხოლო 10% ფუტურისტულ სოციალურ პლატფორმებზე დაიხარჯა, როგორიც Horizon-ად წოდებული ვირტუალური სამყაროა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ