პრემიერი - აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და შემოსვლას ეხვეწებოდა, მერაბიშვილი კი ამბობდა, „მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო"

აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა, პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს, შემოსვლას ეხვეწებოდა. მერაბიშვილი ამ ტრიბუნიდან ღიად ამბობდა, „მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო“. ამის შემდეგ ეს ადამიანები ჩვენ რა უფლებით გველაპარაკებიან ან ენერგოდამოუკიდებლობაზე ან ეროვნულ ინტერესებზე, ან სანქციების მიერთებაზე? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები გადასცა და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს არც სანქციებზე უმუშავია და არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაუცვია.

„აქ რომ საუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე და გამოდიხართ ვითომ პატრიოტული განცხადებებით, თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი სტრატეგიული ენერგოკომპანია და ობიექტი, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გადასცა ვის? - რუსეთის სახელმწიფო კომპანიას. თუ გახსენდებათ, როგორი პოლიტიკა აწარმოეთ ომის შემდეგ? მე ძალიან კარგად მახსოვს. მათმა ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. პირადად, თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს, შემოსვლას ეხვეწებოდა. ომის შემდეგ ხდება ყველაფერი მეგობრებო. არც სანქციებზე გიმუშავიათ, არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაგიცავთ. ომის შემდეგ თქვენი ხელით გადაეცით სტრატეგიული ობიექტები. შემოიყვანეთ რუსული სახელმწიფო კომპანიები. ბატონი მერაბიშვილი, რომელიც არის მეორე არაფორმალური მმართველი „ნაცმოძრაობის“, ამ ტრიბუნიდან ღიად ამბობდა, „მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო“. ცნობილი გამონათქვამია, გახსოვთ კარგად. ამის შემდეგ ეს ადამიანები ჩვენ რა უფლებით გველაპარაკებიან საერთოდ ან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ან ეროვნულ ინტერესებზე, ან სანქციების მიერთებაზე?“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.