საუკეთესო რეკლამა - Airbnb-ის დამფუძნებელი ოთახს საკუთარ სახლში უფასოდ აქირავებს

Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან ჩესკი სან-ფრანცისკოს სახლში ოთახს აქირავებს, რომლის ფასიც 0 დოლარია. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ ჩესკის კუთვნილ სახლში ოთახი 2023 წლის მარტამდე უკვე დაიჯავშნა. ქირაში შედის ჩესკისთან ერთად დროის გატარება, რადგან ის ამ სახლში ცხოვრებას განაგრძობს. სტუმრები, ასევე, უფასოდ დააგემოვნებენ ორცხობილებს, რომლებსაც IT მილიარდერი თავად დაამზადებს.

დასაჯავშნი ოთახში queen-size-ის ზომის დიდი საწოლი, ორი გარდერობი, საწერი მაგიდა და სავარძელი არის განლაგებული. ამასთან, სტუმარს წვდომა ექნება აბაზანაზე, სამზარეულოსა და მისაღებზე.

ეს ერთგვარი სარეკლამო აქციაა, რადგან, ჩესკის თქმით, თავის ვებგვერდზე განცხადება იმიტომ განათავსა, რომ მომხმარებელი სერვისის მოსახერხებლობასა და უსაფრთხოებაში დარწმუნდეს.

„თუ Airbnb-ის დამფუძნებელიც კი აკეთებს ამას, მაშინ თქვენც შეძლებთ იგივეს გაკეთებას“, - აცხადებს ბრაიან ჩესკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ