საქსტატი: ფასების ყველაზე დიდი ზრდა საკვებზე, თამბაქოზე, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე დაფიქსირდა

საქსტატის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით), თამბაქოს, მეტალურგიული მრეწველობის, ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ 2015 წლის თებერვლის ინფორმაცია გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში 2015 წლის იანვართან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 %-ით გაიზარდა. ინდექსი გაზრდილია 2014 წლის თებერვალთან შედარებით 5,4%-ით და 2005 წლის საშუალოსთან შედარებით 72,6 %-ით.

"2015 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 1,3%-ით ზრდამ, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 1,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (1,2%) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (2,1%). ფასები შემცირდა ქიმიურ წარმოებაზე (-5,4 %)", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე - დამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება. "დამამუშავებელი მრეწველობა - ფასები გაიზარდა 7,8 %-ით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 6,40 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (13,6 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (7,5 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (26,5 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: - ფასები შემცირდა 3,9 %-ით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,51 პროცენტული პუნქტით აისახა", - ნათქვამია განცხადებაში.