უპრეცედენტო გადასახადი - ვენეციაში ერთი დღით შესვლა ფასიანი ხდება

2023 წლის იანვრიდან ვენეცია ​​გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც შესვლის საფასური დაწესდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

თანხის გადახდა ყველა ტურისტს მოუწევს, ვინც ქალაქში ერთი დღით ჩავა და ღამე არ დარჩება. მერიას სურს, ამ ზომით ქალაქი განადგურებისგან დაიცვას. ქალაქში „ერთდღიან“ შესვლაზე საფასურის შემოღების ინიციატივა მერიამ ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაცხადა, თუმცა გადახდის სისტემის განვითარებას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა.

ტურისტები 3-დან 10 ევრომდე გადაიხდიან, რაც ვიზიტორთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, ანუ რაც მეტი ტურისტი იქნება, მით მეტი ეღირება ქალაქში შესვლა. საფასურის გადახდა სპეციალური ვებგვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც ვიზიტორი QR კოდს მიიღებს, რომელიც მოთხოვნისთანავე უნდა წარადგინოს. არგადამხდელები 300 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან. ქალაქში შესვლა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისა და შშმ პირებისთვის უფასო დარჩება.

55 ათასი მოსახლეობის მქონე ქალაქი ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტს იღებს. ხალხის ნაკადი ვენეციაში ნაგავს ტოვებს, ასევე, ხმაურისა და სინათლის დაბინძურების დონეს ზრდის. ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და ქალაქის კულტურულ-არქიტექტურულ მემკვიდრეობას ზიანს აყენებს.

ვენეციის მერია ​​დიდი ხანია, ცდილობს ქალაქი მილიონობით ტურისტის მიერ გამოწვეული განადგურებისგან გადაარჩინოს. მაგალითად, გასული წლის გაზაფხულზე ვენეციის ცენტრში საკრუიზო გემების ცურვა აიკრძალა და მას შემდეგ 40 ათას ტონაზე მეტი წონის გემები ქალაქის ცენტრალური ნაწილის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მარგერას პორტში ჩერდებიან.

მოამზადა ლადო სულაბეერიძემ