გიდების სერტიფიცირება, ტუროპერატორების რეგულირება - რა წერია კანონში, რომელმაც ტურიზმის სფერო უნდა დაარეგულიროს

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატით გამართულ შეხვედრაზე.

ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს.

კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, აქ მოიაზრება როგორც ტურ-ოპერატორები, ისე გიდები, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების გამწევი, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი შემოდის ცალკე მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, სავალდებულო იქნება როგორც სამთო, ისე სათხილამურო და ალპური გამყოლის სერტიფიცირება.

კანონი ტურიზმის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს ტურისტული ოპერატორებისა და ტურისტების ურთიერთობას. პროექტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფა მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის. იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია ტუროპერატორის დაზღვევა ან საბანკო გარანტია, სუბიექტმა კონკურენციის სააგენტოს წლიური და კვარტალური ანგარიში უნდა წარუდგინოს.

კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების ზედამხედველობას კონკურენციის სააგენტო გასწევს, რასაც თავად სააგენტო არ ეთანხმება.

ტურიზმის შესახებ პროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე უნდა ინიცირდეს, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პროექტი პარლამენტში გაზაფხულზე დარეგისტრირდეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, კანონპროექტი, რომელიც ტურისტული სექტორის გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას ემსახურება, მიმდინარე საშემოდგომო სესიის განმავლობაში დაინიცირდება.

„ფაქტობრივად კანონი დასრულებულია, მიმდინარეობს საბოლოოდ პოზიციების შეთანხმება, რადგან ჩვენთვის, ნებისმიერი კანონის შემუშავებისას მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი იყოს ჩართული იმისთვის, რომ კანონპროეტი იყოს ქმედითი, რომ კანონი იყოს შესრულებადი და შესაბამისად ემსახურებოდეს იმ ინტერესებს, რასაც საჯარო და კერძო სექტორის ინტერესების სრულად შეჯერება და დაბალანსება ჰქვია.

ამ რეფორმით მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება იმისათვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს სექტორს მეტი ტურისტი მოიზიდოს, უფრო უსაფრთხო გახდეს, სადაც ეს აუცილებელია და ეს იქნება როგორც ტურისტების ასევე ტურიზმის სექტორის ინტერესების დაცვით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ახალმა კანონმა 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს.

თამარ მუკბანიანი