მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გზის მარჯვენა მხარეს, 19 ნოემბრისმ 00:00 საათიდან გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეზღუდვა 23 ნოემბრამდე იმოქმედებს.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შანიძის, ჯანაშიას, თარხნიშვილისა და ტატიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ ქუჩებზე მძღოლები მოხვდებიან ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, ბაქრაძისა და ხორავას ქუჩების საშუალებით.

სქემის ცვლილებიდან გამომდინარე, ავტობუსი N378 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, შანიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ბარნოვის ქუჩიდან გადაინაცვლებს ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩებზე, შემდეგ დაუკავშირდება ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.