2018-2022 წლების მონაცემებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 1-2 %-ის ფარგლებში მერყეობს - მიხეილ ჩხენკელი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, 2018-2022 წლების მონაცემებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და 1-2 %-ის ფარგლებში მერყეობს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საინტერპელაციო კითხვის პასუხად, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით მინისტრმა განმარტა, რომ სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების მიზეზი შესაძლოა, იყოს სხვადასხვა – უცხო ქვეყანაში სწავლა, ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სტუდენტის პირადი განცხადება მიზეზის მითითების გარეშე, ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.

რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერპელავიო საკითხს - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ავარიულ კორპუსს, მინისტრმა განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის შენობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველია.

“სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება სკოლის ადმინისტრაციას ენიჭება. ასეთ შემთხვევაში პროცესი უნდა წარიმართოს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 და 2010 წლის 13 აგვისტოს №239 დადგენილებებით დამტკიცებული წესის მიხედვით, ხოლო დემონტაჟი უნდა მოხდეს – ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. აღნიშნული წესის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა დემონტაჟის განხორციელების მიზნით, მოიპოვებს გარკვეული სახის ნებართვებს. ესენია: შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო ორგანოს დასკვნა ავარიულობაზე; კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან შეფასება, ატარებს თუ არა სადემონტაჟო შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს; ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გამგეობის ნებართვა შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნებართვა დემონტაჟზე და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებართვა დემონტაჟის თაობაზე.

მხოლოდ აღნიშნული ნებართვების მოპოვების შემდეგ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.