ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში 10 წელიწადში 105 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა

ევროკავშირმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბოლო 10 წლის განმავლობაში 105 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც აღემატება ჩინურ და რუსულ ინვესტიციებს. ამის შესახებ სამარყანდში მიმდინარე კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ინვესტორები ცენტრალურ აზიაში. ბოლო 10 წელიწადში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 105 მლრდ ევროზე მეტის ინვესტიცია განახორციელეს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს კი 40%-ით აღემატება ამ რეგიონში სხვა უცხოური ინვესტიციების ჯამურ მოცულობას. ეს იმაზე მეტია ვიდრე ჩინეთის და რუსეთის ინვესტიციები და ჩვენ მზად ვართ მეტი გავაკეთოთ,“ - განაცხადა ბორელმა.

მან Europe Team-ის ორი ახალი ინიციატივა დაანონსა, რომლებიც ითვალისწინებს ცენტრალური აზიის ქვეყნების ინტერნეტზე წვდომას თანამგზავრული სისტემიდან, წყლისა და ენერგეტიკული რესურსების მართვის მხარდაჭერას და მწვანე ეკონომიკის მშენებლობას.

17-19 ნოემბერს სამარყანდში გაიმართა მინისტრების შეხვედრა ფორმატში „ევროკავშირი - ცენტრალური აზია“ და კონფერენციები „ევროკავშირი - ცენტრალური აზია“ და „გლობალური კარები მდგრადი განვითარებისთვის“.

კოკა კვირკველია