რა უშველის უმუშევრობასა და დაბალ კვალიფიკაციას ქვეყანაში

ოფიციალური სტატისტიკით, საქარ­თველოში მცხოვრებთა დაახლოებით მეხუთედი უმუშევარია, რაც ძალზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა საზოგადოებაში გაცილებით მაღალია უმუშევრობის აღქმა. ამას ემატება დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურება, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ან ქვეყნიდან მიდის, ან წასვლა სურს. ამ დროს კი ბიზნესი მუშახელის არარსებობას უჩივის. ამბობენ, რომ აქვთ ვაკანსიები და ვერ ავსებენ. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურების პრობლემაც დგება, როდესაც ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ მოქალაქეებს არ უღირთ ასეთ სამუშაოებზე დასაქმება. თუმცა გაცილებით დიდი პრობლემაა, როდესაც კვალიფიკაციის უქონლობის გამო ვერ საქმდებიან და ვერც კვალიფიკაციის ამაღლებას ახერხებენ, ბევრი ფაქტორის გამო. დღეს ეს რა პრობლემას ქმნის საქართველოში, არის თუ არა გადამწყვეტი დასაქმებისთვის, რა (არ) კეთდება და რა უნდა გაკეთდეს, რომ კვალიფიკაციის ამაღლება თუ კონკრეტული პროფესიის დაუფლება ხელმისაწვდომი იყოს, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ.

- საქართველოში კვალიფიკაციის პრობ­ლემაც არის და იმისიც, რომ არსებითად შეიცვალა ქვეყნის ეროვნული მეურნეობის დარგობრივ-ფუნქციონალური სტრუქტურა, აგრეთვე, მისი ადგილი შრომის გლობალურ განაწილებაში. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა სწრაფად მოხდა, ისე, რომ ამას არ მოჰყოლია ცვლილებები შრომის ბაზარზე - ანუ სხვადასხვა პროფესიისა და კვალიფიკაციის მოქალაქეთა მომზადება და ბაზრისთვის მიწოდება დროის მოთხოვნებს ჩამორჩა. პირველ ეტაპზე, როდესაც წონასწორული მდგომარეობა არ იყო, ვგულისხმობ 1990-იანი წლების პირველ ნახევარს, ეს პრობლემები ჯერ კიდევ მკაფიოდ არ ჩანდა. მაგრამ შემდგომ, როდესაც სიტუაცია მეტ-ნაკლებად დალაგდა, სახელმწიფოებრიობამ შეიძინა ნიშნები და გაჩნდა განვითარების პერსპექტივა, მაშინ მწვავედ დადგა სამუშაო ძალის საკითხი და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი სწორედ ეს არის - ჩვენ არ შეგვიძლია იმ დონის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც სჭირდება მსოფლიო ბაზარზე მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებას, ამას კი მაღალკვალიფიციური პერსონალი სჭირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი მასობრივი დეინდუსტრიალიზაცია იყო - ანუ მრეწველობამ, როგორც ეროვნული მეურნეობის ფლაგმანმა, დაკარგა თავისი როლი და მნიშვნელობა, მოკლედ რომ ვთქვათ, ლიდერის ფუნქცია. შესაბამისად, ბევრი ჩვენი მოქალაქე დეკვალიფიცირებული აღმოჩნდა, მათი კვალიფიკაცია აღარ იყო მოთხოვნადი. პირველი ნიშნები, რომ ჩვენი შრომის ბაზარი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გაყვანის დროს გამოჩნდა, როდესაც სათანადო კვალიფიკაციის შემდუღებლების დეფიციტის გამო პაკისტანიდან ჩამოვიყვანეთ მუშები. 1990-იანი წლების დასაწყისს თუ შევადარებთ, დღეს მოსახლეობის ათას სულზე გვყავს 45%-ით ნაკლები დაქირავებით დასაქმებული, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლები. მეორე მხრივ კი, ადამიანები სამუშაოს ვერ პოულობენ და სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ მიდიან.

- კატეგორია, რომელიც ახერხებს საზღვარგარეთ სამუშაოს პოვნას, საქართველოში რატომ ვერ საქმდება, სინამდვილეში საქართველოში კვალიფიკაციის პრობლემაა თუ ანაზღაურების?

- გასულთა შორის მაქსიმუმ 10-15%-იც კი არ იქნება ის კონტინგენტი, რომელიც შესაბამისი კვალიფიკაციის სამსახურის უქონლობის გამო იძულებულია ქვეყნიდან წავიდეს - მთავარი მოტივი იქ შედარებით მაღალი ანაზღაურებაა. ასე ვთქვათ, მსოფლიო გლობალური მასშტაბით უფრო დაპატარავდა და მობილობა შესაძლებელია რამდენიმე ათასეულ კილომეტრზეც კი. ხალხიც ცდილობს, თავისი უნარები და კვალიფიკაცია იქ შესთავაზონ, სადაც მოთხოვნა არის.

- როგორც ახსენეთ, 25 წელზე მეტია, საქართველოში ცხადად ჩანს კვალიფიკაციის პრობლემა და ამ ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა ამის მოგვარება?

- რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ჩვენ უნდა შევძლოთ სამუშაო ძალის ღირებულების გაზრდა. წლების განმავლობაში გულზე მჯიღს ვიცემთ, რომ ჩვენთან იაფი სამუშაო ძალაა, ის კი, როგორც წესი, დაბალხარისხიან და დაბალფასიან პროდუქციას აწარმოებს. შესაბამისად, თუ გვინდა უფრო ინტელექტუალური და შრომატევადი პროდუქციის წარმოება, უნდა გვყავდეს კვალიფიციური სამუშაო ძალაც. ამიტომ მთელი რესურსები უნდა ჩავდოთ კვალიფიციური კადრების მომზადებაში და ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს პროდუქციის გაიაფება ამ კადრებზე ეკონომიის ხარჯზე. უნდა მოვახდინოთ ინვესტირება ცოდნაში, განათლებაში, უნარ-ჩვევების განვითარებაში, რითაც ჩვენი სამუშაო ძალა იქნება კონკურენტუნარიანი არა მარტო აქ, არამედ მსოფლიო ბაზარზე რთული პროდუქციის წარმოების პროცესში. ცხადია, ამით გაიზრდება პროდუქციის თვითღირებულება, მაგრამ ჯობს იყოს ისეთი სისტემა, როგორიც არის, ვთქვათ, იაპონიაში, ვიდრე, მაგალითად, ავღანეთში. იაპონია ძვირი ქვეყანაა, მაგრამ იაპონელი სამუშაოს საძებნელად ქვეყნიდან არ გარბის. ამიტომ ჩვენი ორიენტაცია უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. ამის გაკეთება მხოლოდ კერძო ბიზნესს არ შეუძლია, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, შექმნას პირობები.

- დღეს არსებობს რამე საშუალება ან მექანიზმი, რომ თუ საშუალო ასაკის მოქალაქემ კვალიფიკაციის ამაღლება მოინდომა, მისთვის ეს მარტივად იყოს ხელმისაწვდომი? არის თუ არა უფასო პროგრამები?

- არის, მაგრამ ძალიან სეგმენტური და ცოტა. რაც მთავარია, ეს უფრო კამპანიურია და არა სისტემატური, მაშინ როდესაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევრო­კავშირში, პროფესიული განათლება სისტემატურია და ადამიანებს ღრმა სიბერემდე შეუძლიათ აითვისონ ახალი პროფესია, შეიცვალონ განათლების პროფილი. საქართველოში მსგავსი არაფერია და სწორედ ამის წახალისება უნდა ხდებოდეს. ამაში სახელმწიფომ თავისი როლი უნდა შეასრულოს. ახლა ისე სწრაფად ვითარდება მეცნიერება, ტექნოლოგიები, ურთიერთობები, რომ მიღებული ცოდნის ამორტიზაცია მაქსიმუმ 6-7 წელიწადში ხდება. ამიტომ განათლების მუდმივი განახლებაა საჭირო. რამდენად შევძლებთ ამას, ამაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარება. ვიმეორებ - კერძო ბიზნესს რაც უნდა კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს, ეს მის ძალას აღემატება. ამ საქმეს სახელმწიფომ უნდა მიხედოს. განათლება და მეცნიერება პრიორიტეტული უნდა იყოს. არა მარტო, ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში ან ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქცენტი უნდა ავიღოთ რაც შეიძლება კვალიფიციური კადრების მომზადებაზე და ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების საქართველოში დასაქმებას. საქართველო არ უნდა იქცეს სხვა ქვეყნებისთვის `მზა კადრების~ მიმწოდებლად. ასე რომ, ერთდროულად ორი საკითხია გასათვალისწინებელი: კვალიფიციური კადრების აუცილებლად მომზადება და ისეთი მიმართულებებით მომზადება, რომ ისინი საქართველოშივე დასაქმდნენ. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ჩვენი მწირი რესურსები დავხარჯოთ, მოვამზადოთ კადრები და მერე უცხოეთში გავუშვათ. კომპლექსური მიდგომაა საჭირო - ჩვენს კადრს რომ ვამზადებთ, მას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მაღალანაზღაურებად სამუშაოს მაღალი ალბათობით აქვე ნახავს.

- ხელისუფლება პერიოდულად აცხა­დებს უფასო კურსების შექმნის შესახებ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდებში, მაგრამ მერე, როგორც წესი, ეს აღარავის ახსოვს. რა უნდა გაკეთდეს, რომ პერიოდულად დახარჯული თანხა გადაყრილი არ აღმოჩნდეს და ჩვენმა მოქალაქეებმა მართლაც შეძლონ პროფესიული გადამზადება?

- რადგან ჯერჯერობით მიგრაციაში უარყოფითი სალდო გვაქვს - გადის მეტი, ვიდრე შემოდის, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები სამუშაოს ვერ შოულობენ. მათ უნდა შევუქმნათ მოტივაცია სამშობლოში კარიერული ზრდისთვის. პრესტიჟული უნდა გახდეს საქართველოში ცოდნის მიღება და საქმიანობა. სულ გვესმის, რომ ქართველები ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში დაფინანსებით, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გვაქვს იმის გარანტია, რომ ისინი დაბრუნდებიან ქვეყანაში და მათ ცოდნას გამოვიყენებთ? ან თუ დაბრუნდებიან, როგორ შეძლებენ რეალიზებას. ჩინეთი მრავალმილიონიანი ქვეყანაა და მას აქვს სისტემური მიდგომა, უცხოეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეები როგორ ამუშაონ ქვეყნის ინტერესების სარეალიზაციოდ. ჩვენ კი ვაკეთებთ რამეს? სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, რომ აქედან წასულებმა შეინარჩუნონ ქვეყანასთან არა მარტო ემოციური, არამედ ეკონომიკური კავშირიც და გრძნობდეს მორალურ ვალდებულებას, რომ მხარში ამოუდგეს საკუთარ ქვეყანას. იხილეთ სრულად