,,ნაციონალური მოძრაობა" ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საპარლამენტო ინიციატივებზე განცხადებას ავრცელებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, საპარლამენტო ინიციატივების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება: კანონპროექტის არსს წარმოადგენს მცირე მეწარმეებისათვის ეკონომიკური მდგომარეობის დროებით შემსუბუქება, კერძოდ, მათ არ მოუწევთ წლიური მოგების გადასახადის 2015 წლის პირველი აპრილისათვის გადახდა და საშუალება ეძლევათ წლიური დეკლარაციით მიღებული მოგების დაზუსტების შემთხვევაში 2015 წლის პირველ ნოემბრამდე გადახდა. რაც მთავარია, აღნიშნული ნორმა არ გავრცელდება მსხვილ გადამხდელებზე. ამასთანავე, მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, თუ მიმდინარე წელს მათი ბრუნვა შემცირდება 25%-ით, ან მეტით, არ გადაიხადონ მიმდინარე გადასახდელები და საურავები. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილება: ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის, ასევე ლარის კურსის ვარდნის გამო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტით დაკავებული მეწარმე ფიზიკური პირები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმაც შესაბამისი პროპორციით იკლო 2010-2014 წლებთან შედარებით, რაც გამოწვეულია უცხოეთიდან შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაყიდვების შემცირებით. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის განბაჟების პერიოდი ნაცვლად 45 დღისა, განისაზღვროს 180 დღით, ასევე ისინი 2015 წლის 31 იანვრამდე დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმებისაგან განთავისუფლდნენ, ასევე 2015 წელს აღნიშნულ ბიზნესში დაკავებულ მეწარმე ფიზიკურ პირებს არ დაეკისროთ საგადასახადო კოდექსით დადგენილი სანქციები - გადასახდელები და საურავები.

საქართველოს კანონი ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესახებ: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ კატეგორიის ფიზიკურ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობიდან, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სამეწარმეო და ეკონომიკური ხასიათის დანაშაული (მაგ: უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ა.შ.). სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ჰუმანური დამოკიდებულების გამოვლენა ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. კანონპროექტის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული და დროებითი ღონისძიების სახით იმ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული სამეწარმეო და ეკონომიკურ სფეროში, ასევე არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების გამოვლენისა და აღიარების მიზნით ასეთი შემოსავლის (ქონების) ლეგალიზების პირობებისა და წესის განსაზღვრა და მისი დაფარვისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების დადგენა. კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) დააგროვეს ისეთი დანაშაულებრივი გზით, როგორიცაა: ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით (სამოხელეო დანაშაული) გათვალისწინებულ მოხელეებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე;

რეზოლუციის პროექტი ეკონომიკური სტაგნაციის დაძლევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ: ვინაიდან, საქართველოში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა, ვერ სრულდება ბიუჯეტი, უფასურდება ეროვნული ვალუტა, შეინიშნება ექსპორტის კლება, ეროვნულ ბანკს უწევს ქვეყნის სავალუტო რეზერვების გახარჯვა ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად, შემცირდა ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინება, ეკონომიკური სტაგნაციის შემდგომი გაღრმავების, უმუშევრობისა და სიღარიბის შემდგომი ზრდისა და კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, აუცილებლობად მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა - დადგეს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, მოხდეს შემოღებული სავიზო რეგულაციების გაუქმება ან გამარტივება, საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 15 პროცენტამდე, გაუქმდეს დივიდენდზე და როიალტზე გადასახადი, დაიწყოს დისკუსია დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებაზე და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაუქმებაზე, განახლდეს აქტიური საერთაშორისო კამპანია, რომელიც საქართველოს მსოფლიო ბაზარზე წარმოაჩენს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანას, დაჩქარდეს მოლაპარაკებები აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომლის დაწყების შესახებ შეთანხმებას საქართველოს და აშშ-ს პრეზიდენტებმა 2011 წელს მიაღწიეს", - ნათქვამია განცხადებაში.