2023 წლის პირველი სექტემბრიდან რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება

2023 წლის პირველი სექტემბრიდან რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება. რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა.

რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები სწორედ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დააკმაყოფილოს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულებების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სანებართვო პირობების გარეშე კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.