ტრამპი Twitter-ზე არ დაბრუნდება - მას საკუთარი სოციალური ქსელი ურჩევნია

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაბრუნებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა ლას-ვეგასში, რესპუბლიკური ებრაული კოალიციის კონფერენციაზე განაცხადა, რასაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

სოციალურმა ქსლემა მისი ანგარიში 2021 წელს, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ძალადობის წაქეზების მოტივით დაბლოკა. ტრამპი ამბობს,რომ Twitter-ზე დაბრუნების მიზეზს ვერ ხედავს.

„Twitter-ს უამრავის პრობლემა აქვს. თქვენ ხედავთ, რაც ხდება იქ: ჩართულობა იკლებს და ბევრი ფეიკაქაუნთია,“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ის საკუთარი სოციალური ქსელის უპირატესობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „TruthSocial-მა ბევრი ადამიანისთვის Twitter-ის ადგილი დაიკავა“ და ისინი Twitter-ს აღარ დაუბრუნდებიან. დონალდ ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ TruthSocial, მემარჯვენე სოციალური ქსელი, რომელიც მან 2021 წელს დააარსა, პოპულარობით იზრდება და იქ თავს გაცილებით უკეთსად გრძნობს, ვიდრე ეს იყო Twitter-ზე.

ამასთან, ტრამპმა ილონ მასკს სოციალური ქსელის შეძენის გადაწყვეტილება მოუწონა.

„მე მომწონს, რომ მან Twitter შეიძინა. მე მასკი ყოველთვის მომწონდა, ვისთანაც ჩემი პრეზიდენტობის დროს საერთო ენა გამოვნახე,“ - აცხადებს ტრამპი.

როგორც ცნობილია, Twitter-ის ახალი მფლობელისა და ხელმძღვანელის, ილონ მასკის გადაწყვეტილებით, ქსელის ადმინისტრაციამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის აქაუნთი განმბლოკა. ამ ამბის გავრცელებისთანავე ანგარიში 83 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა.

ტრამპთან დაკავშირებული სხვა გვერდები, როგორიც არის, მაგალითად, @TeamTrump, სოციალურ ქსელში ჯერჯერობით მიუწვდომელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ