საქართველოს საბანკო სისტემას მე-15 კომერციული და პირველი ციფრული ბანკი შეემატა

ლიეტუვაში N1 ფინტექის ლიცენზიის მფლობელი კომპანია Paysera-ს პარტნიორი კომპანია საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზიით დაიწყებს ფუნქციონირებას. 2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს პეისერა საქართველოზე კომერციული ბანკის მე-15 და ციფრული ბანკის პირველი ლიცენზია გასცა. აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით, ბანკი ბაზარზე ოპერირებას 4 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზია გასცა. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტურ გამოყენებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებას.

სწორედ აღნიშნული პრინციპები დააკმაყოფილა "პეისერა ბანკ საქართველომ". Paysera დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნეს მოდელზე, რაც საშუალებას აძლევს, მომხმარებელს სასურველი სერვისები მარტივი ციფრული გადაწყვეტებით მიაწოდოს. 18 წლის განმავლობაში კომპანიამ სანდოობის, სიმარტივის, სისწრაფისა და ხელმისაწვდომი ფასების გამო, უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი შეიძინა, კომპანია თავისი ლიცენზიით სრულად ფარავს ევროპულ ეკონომიკურ არეალში შემავალ ყველა ქვეყანას, ხოლო მისი საპარტნიორო ქსელი მოიცავს ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, კოსოვოს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, შვეიცარიას და ახლა უკვე საქართველოს.

„ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა არის ჩვენი სერვისები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს, ფინასური სერვისები, რომლებიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. იმედია საქართველოს ბაზარზე ვიქნებით პირველი ბანკი, რომელიც თავის მომხმარებელს გაუხსნის საერთაშორისო, ევროპულ IBAN-ს და საერთაშორისო, ქართულ IBAN-ს, აღნიშნულით კი წვდომას მისცემს SEPA-ს-ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე და საქართველოს ეროვნულ გადახდის სისტემაზე ერთდროულად. რაც როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას მისცემს იყვნენ ევროპული ფულადი ანგარიშსწორების სისტემის წევრები, არა მხოლოდ ადგილობრივი ქართველებისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც და მიიღონ ყველა ის ბენეფიტი მათ შორის საერთაშორისო გადარიცხვების ნაწილშიც რაც სისტემას გააჩნია,“ - განაცხადა 21 ოქტომბერს Paysera Lt-ს მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა გინტაუტას მეჟეტისმა "პალიტრა ნიუსის"ეთერში.