ახალმა ზელანდიამ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი დაასანქცირა

ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ განაცხადა, რასაც მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, სანქციები „რუსული ელიტის 22 წევრს“ შეეხო, რომლებიც უკრაინის ომს მხარს უჭერენ და კრემლის „ერთგულებისთვის სიმდიდრე და გავლენა მოიპოვეს.“ კერძოდ, სანქციების ქვეშ მოექცნენ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ელვირა ნაბიულინა და პუტინის ქალიშვილები, მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა. სანქციების სიაში, ასევე, შევიდნენ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ცოლ-შვილი, თავად პესკოვი კი მანამდე დასანქცირდა. მანამდე დასანქცირდა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკოც, ხოლო ამჟამად ახალმა ზელანდიამ სასანქციე სიაში მისი მეუღლე და ვაჟი შეიყვანა.

ასევე, დასანქცირდა „რუსეთისთვის ეკონომიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობისა და გაზის, მეტალურგიისა და სატრანსპორტო სექტორების ოთხი საწარმო, სარადარო სისტემებისა და ელექტრონული აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიები. უწყება საწარმოების სახელებს არ ასაჯაროვებს.

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სანქციები ქვეყანაში მოგზაურობას, აქტივებით, აქციებით ან ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციებს, საზღვაო აკვატორიაში სუპერიახტების შესვლასა და თვითმფრინავების ჩაფრენას კრძალავს. მინისტრს არ დაუსახელებია „რუსული ელიტის“ ყველა წარმომადგენელი, რომელიც სასანქციე სიას დაემატა. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეესტრი რუსეთის 1266 სანქცირებულ პირს და ორგანიზაციას მოიცავს. რეესტრი ბოლოს 31 ოქტომბერს განახლდა.

ახალმა ზელანდიამ „გავლენიანი და მდიდარი რუსების წინააღმდეგ“ პირველად სანქციები 2022 წლის მარტში დააწესა, ხოლო მაისსა და სექტემბერში გააფართოვა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე წლის 7 აპრილს ნაბიულინა დაასანქცირა, იყო ავსტრალია, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კანადის სანქციათა სიაშიც მოხვდა. სექტემბერში ნაბიულინას წინააღმდეგ სანქციები შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმაც დააწესეს. ვაშინგტონის ცნობით, ნაბიულინა 2013 წლიდან კრემლს დასავლეთის სანქციების შედეგებისგან იცავს, რომელიც რუსთის წინააღმდეგ ჯერ ყირიმის ანექსიის, ამჟამად კი უკრაინის ომის გამო დაწესდა. ლონდონმა სანქციები იმით ახსნა, რომ ნაბიულინამ უკრაინის ომის პირობებში „რუსული ეკონომიკის მართვაში“ და „რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე რუბლის გავრცელებაში“ მთავარი როლი ითამაშა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ