ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროპა დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით და ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე, საქართველომ პარტნორებთან ერთად დაიწყო მნიშვნელოვან ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. ამის შესახებ ეკონომიკისმინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს განიხილეს.

„აქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი „აგრი“ ჯერ კიდევ 2015 წელს, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის საქართველოს გავლით, ისე რომ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდგომ გაზიფიცირება რუმინეთში. ეს პროექტი, სამწუხაროდ, შეჩერდა და შემდგომი განვითარება აღარ ჰქონდა, თუმცა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, როდესაც ყველა საუბრობს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაზე, ამ პროექტმა მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა, შესაბამისად, ჩვენ პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. თქვენ იცით საქართველოში იმყოფებოდა პრეზიდენტი ალიევი და ამის შემდეგ ჩვენ დავგეგმეთ კონკრეტული სამუშაო პროცესი. დღესაც მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ჩვენს სამინისტროში. საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია გაზისა და ნავთობის კორპორაცია, აზერბაიჯანის მხრიდან იქნება „სოკარი“, ასევე ჩვენი პარტნიორები რუმინეთსა და უნგრეთში. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მოხდეს საქართველოსადა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის სრული შეფასება“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს პროექტი გრძელვადიანია და ერთ წელში ის ვერ დასრულდება. „პირველ რიგში, ჩვენთვის საჭიროა გვქონდეს სრული სურათი, შეფასბა უნდა მოხდეს, შემდგომში უკვე უნდა ჩამოყაიბდეს დეტალური სამოქმედო გეგმა და ეტაპობრივად დაიწყოთ ამ გეგმის შესრულება. უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა ამ მიმართულებით. სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, თუმცა დეტალებს არ გავაჟღერებ, იმიტომ, რომ მიმდინარეობს შესწავლა. იმის მიხედვით თუ როგორ მდგომარეობაშია არსებული ინფრასტრუქტურა ანუ რა ტიპის გაუმჯპობესება სჭირდება მას, დაზუსტდება ბიუჯეტიც და პროექტის განხორციელების ვადებიც“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.