ბენ აფლეკსა და მეტ დეიმონს საკუთარი კინოკომპანია ექნებათ

ამერიკელმა მსახიობებმა, ბენ აფლეკმა და მეტ დეიმონმა გადაწყვიტეს, საკუთარი კინოკომპანია დააარსონ, რომელსაც „Artists Equity“ დაერქმევა. ინფორმაციას The New York Times (NYT) მსახიობების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსახიობებმა NYT-ს განუცხადეს, რომ საინვესტიციო კომპანია RedBird Capital Partners-ისგან დაფინანსება, მინიმუმ, 100 მლნ დოლარის ოდენობით მიიღეს. ისინი, ასევე, ახალ კინოკომპანიაში საკუთარი კაპიტალის დაუზუსტებელი ოდენობის ინვესტიციას დებენ. სასტარტო პირობების თანახმად, ბენ აფლეკმა თავი დაივალდებულა, რომ რეჟისორად ექსკლუზიურად Artists Equity-სთვის იმუშავებს, ხოლო მეტ დეიმონი კინოკომპანიის რამდენიმე ფილმში ითამაშებს და პროდიუსერობას ექსკლუზიურად Artists Equity-ის ფირებს გაუწევს.

NYT-ის ცნობით, ბენ აფლეკი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებს, ხოლო მეტ დეიმონი Artists Equity-ის კრეატიული დირექტორი იქნება. გამოცემას აფლეკმა განუცხადა, რომ ახალი კინოკომპანია მომავალ წელს სამი პროექტის ჩაშვებას, ხოლო პრემიერისთვის ხუთი ფილმის მომზადებას გეგმავს.

Artists Equity-ის თანადამფუძნებლები, ასევე, აცხადებენ, რომ წარმატებული ფილმების გაქირავებიდან მიღებულ მოგებას ამ პროექტების მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს გაუნაწილებენ, რომ ისინი კომპანიასთან თანამშრომლობისთვის წაახალისონ. მათი თქმით, მსახიობებს, რეჟისორებსა და კადრსმიღმა თანამშრომლებს მცირე ავანსსაც გადაუხდიან, თუმცა ფილმის წარმატების შემთხვევაში ისინი სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ