„კრიპტოს მიერ დენის არანორმალურად მაღალი მოხმარება აფხაზეთში და არამარტო -  ხმას არავინ იღებს, რა გვენაღვლება“

„ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია,“- ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგოპლატფორმა“ ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას განცხადების საფუძველზე აცხადებს.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დეფიციტის მთავარი მიზეზი, კრიპტომაინინგია. საზოგადოების აქცენტი კი, მეტი ჰესის მშენებლობაზე არასწორია.

„რა უნდა ეშველოს ქვეყანას, სადაც ამდენი ლოგიკას აცდენილი ხალხი ცხოვრობს, არ ვიცი!

მოკლედ, ენგურჰესი გაჩერდა წყლის ნაკლებობის გამო, რაც მოსალოდნელი იყო. მიზეზი არის კრიპტოს მიერ დენის არანორმალურად მაღალი მოხმარება აფხაზეთში და არამარტო! მართალია, კლიმატის ცვლილების ზუსტი გავლენა მდინარეთა ჰიდროლოგიურ რეჟიმებზე შესწავლილი არ არის, თუმცა სერიოზულად რომ იმოქმედებს ჰესების გამომუშავებაზე მომავალში, ყველა თანხმდება!

ჰოდა, აბა თუ მიხვდებით, რა ხდება კომენტარებში? ახალ ჰესებს რატომ არ ვაშენებთო! ახალ ჰესებსო!!! ამას ამბობენ სექტორზე, სადაც გამომუშავების 78% მოდის ისედაც ჰესებზე და მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ! ჰესებზე რომლებიც ზამთარში ფაქტობრივად არ მუშაობს და არც მომავალში იმუშავებს!

პ.ს. კრიპტოზე ხმას არავინ იღებს, რა გვენაღვლება“ - წერს ჭიპაშვილი.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანამ 5,981 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14-ჯერ აღემატება. გასული წლის ოქტომბერში საქართველომ მხოლოდ 414,4 ათასი დოლარის დენი შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ წელს ოქტომბერში საქართველომ ელექტროენერგია თითქმის სულ რუსეთში იყიდა - 5,979 მლნ დოლარის ღირებულების, მხოლოდ 2,42 ათასი დოლარის შეიძინა აზერბაიჯანში.

თამარ მუკბანიანი