Nvidia-მ რუსეთში ყველა ოპერაცია შეწყვიტა

გრაფიკული პროცესორების ამერიკულმა დეველოპერმა, Nvidia-მ რუსეთში ყველა ბიზნესოპერაციის სრული შეწყვეტა გამოაცხადა. ამის შესახებ კომპანიის 2022 წლის მესამე კვარტლის (ივლისი-ოქტომბერი) ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც gazeta.ru ავრცელებს

კომპანიის ცნობით, Nvidia-მ ოქტომბერში რუსეთში ყველა ფინანსური ტრანზაქცია შეაჩერა. წელს რუსული ბაზრის წილმა მთლიანი გაყიდვების 2%, ხოლო სათამაშო ბიზნესის გაყიდვების 4% შეადგინა.

6 მარტს გამოცემა PCMag წერდა, რომ Nvidia-მ უკრაინის ომის გამო რუსეთში მიწოდება შეაჩერა, ხოლო ივლისის დასაწყისში გაზეთმა „კომერსანტმა“ დაწერა, რომ Nvidia-მ რუსულ კომპანიებზე ღრუბლოვანი გეიმინგისთვის თავისი პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების განახლება და გაყიდვა შეწყვიტა.

ოქტომბრის პირველ ნახევარში ჟურნალი Forbes წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ Nvidia-მ რუსეთში თანამშრომლებს ადგილობრივი განყოფილების დახურვის შესახებ აცნობა. მაშინ გამოცემის წყაროები აცხადებდნენ, რომ კომპანიის ოფისი მუშაობას ოქტომბრის ბოლომდე შეწყვეტდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ