გიორგი ამილახვარი - ალბათ ვნახავთ მოწოდებების მორიგ სერიას, მოხდეს ივანიშვილის და სხვა პირების დასანქცირება, დეოლიგარქიზაცია

ალბათ ვნახავთ მორიგ სერიას მოწოდებების, მოხდეს ბიძინა ივანიშვილის და სხვა პირების დასანქცირება, დეოლიგარქიზაცია, რა ნარატივსაც ბოლო თვეების განმავლობაში უწყვეტად ვისმენთ - პირდაპირ ვამბობთ, ასეთ განცხადებებს, შეკრებებსა და მიღებულ რეზოლუციებს ჩვენზე არანაირი გავლენა და ფასი არა აქვს, - ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი ამილახვარის განცხადება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით: - “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

გიორგი ამილახვარის თქმით,“ეს ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი მესვეურების ხაზის გაგრძელებაა“.

“სამწუხაროდ, მათი გარკვეული მოსაზრებები რეზოლუციებში გვხვდება. იმ კონტექსტის უკან, სადაც ობიექტური სიმართლე არ დგას და მტკიცებულებები არ არის, ეს არის გარკვეული ჯგუფების, მათ შორის ევროპარლამენტარების მიერ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით ლობირებული საკითხები. ამის საპირისპიროდ ვხედავთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს, მათ შორის ევროკავშირის ობიექტური წარმომადგენლების შეფასებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ ნაბიჯებს წინ დგამს და 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელება მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ამილახვარმა.

„საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ეკუთვნის. ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა "რუსკი მირის" გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს. ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტერზე" წერს.

მისივე თქმით, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით : "ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი". ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანა ფოტიგა, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი, თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადა-ს წევრი ოლექსი გონჩარენკო და უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი.