საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Omnia Education Partners-ის თანამშრომლობით პირველი პროფესიული ფინური ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

ფინელმა პარტნიორებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით დაასრულეს ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრენინგის დასკვნით ნაწილში მონაწილეებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ, რომლის მეშვეობით ისინი შეძლებენ კოლეგებთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის გაზიარებას. ტრენინგის მთავარი მიმართულებები იყო „მეწარმეობა - ბიზნესის დაგეგმვა და დაწყება“ და „პროდუქტების განვითარება - ნოვატორი კომპანიაში“, რომელსაც ფინელი ინსტრუქტორები წარუძღვნენ და მასში მონაწილეობა ასოციაციის წევრი კომპანიების 15-მა წარმომადგენელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი პროფესიული ტრენერთა ტრენინგი (TOT) საქართველოში, რომელიც ფინური მოდულების შესაბამისად განხორციელდა.

„USAID-სა და Omnia Education Partners-ის ერთობლივი პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა. ტრენერთა ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ფინური პროფესიული ტრენინგები სრულად ეთმობოდა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფინური მოდელის გაზიარებას, როგორც მეწარმეობის, ასევე პროდუქტების განვითარების მიმართულებით. მადლობას ვუხდით პარტნიორებს თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, წინ ბევრი საინტერესო ერთობლივი პროექტი გველოდება”, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი USAID-ის პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.