შავი ღრუბელი ოზგანის თავზე - აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

აფხაზური „ჩერნომორენერგო“ აჩგუარას მაღალი ძაბვის ხაზის რეაბილიტაციაზე ფულს აკეთებს. ამ ბრალდებას დე ფაქტო სახელმწიფო ენერგოსაწარმოს ოპოზიციური „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე, ადგურ არძინბა და ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გარი კოკაია უყენებენ, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

აფხაზეთის ენერგომომარაგების პრობლემებზე საუბრის დროს მათ განაცხადეს, რომ შეძენილი აღჭურვილობისა და მასალის ხარჯთაღრიცხვაში „ჩერნომორენერგოს“ ფასები 2-3-ჯერ აქვს გაზრდილი. არძინბა-კოკაიამ თავიანთი ბრალდებების დამადასტურებლად შეძენილი მასალის სია წარადგინეს, რომლის ყოველი 70 პუნქტიდან თითოეულზე ფასები, დაახლოებით, 2-3-ჯერ არის გაზრდილი. გადაჭარბებული ხარჯთაღრიცხვის სია დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროსთან არის შეთანხმებული, რომელსაც ქრისტინა ოზგანი ხელმძღვანელობს. დაანონსების მიუხედავად, მას აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ 1-ელ ნოემბერს აჩგუარას რებილიტირებულ ხაზზე, რომლის განახლებაც 1-ელ ოქტომბერს დაიწყო, კვლავ ძაბვის გადატვირთვა მოხდა, რის შედეგადაც ის მწყობრიდან გამოვიდა. 4 ნოემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ერთად, სოფელ ბედიაში „აჩგუარა-220“-ის მონაკვეთის მონახულების დროს ოზგანი თავს იმართლებდა, რომ მის უწყებას არ ჰქონდა დრო, სრულად გადაემოწმებინა შესრულებული სამუშაოები, თუ როგორ იმუშავებდა ხაზი ექსპლუატაციაში. შესაბამისად, გარემონტებული ხაზები საგანგებო რეჟიმში ამოქმედდა, ხოლო ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი პრობლემები არ აღმოიფხვრა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები წარმოიშვა.

მაშინ ქრისტინა ოზგანი ამტკიცებდა, რომ აჩგუარას საჰაერო ხაზისთვის შეძენილი კაბელის ტექნიკური მახასიათებლები რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროსთან იყო კოორდინირებული. მისი თქმით, კაბელი სპეციალურად ამ მაღალი ძაბვის ხაზისთვის გაკეთდა, რომლის პარამეტრები „ჩერნომორენერგოში“ შეისწავლეს, თუმცა 50 მლნ რუბლი (823 348 დოლარი) ჯერ არავისთვის გადაუხდიათ. ოზგანი ამბობს, რომ აჩგუარას ხაზის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია და სახელმწიფო ექსპერტიზაზე რუსეთის ფედერაციაში არის გადაგზავნილი.

„დაფინანსების საბოლოო ოდენობა მხოლოდ დასკვნის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი. „ჩერნომორენერგოს“ შესრულებულ სამუშაოებზე ჯერ არცერთი აქტი არ მიუღია და არც სარემონტო სამუშაოების დაფინანსება მომხდარა. აფხაზური მხარის ფინანსური ვალდებულებები მხოლოდ სამუშაოების მთელი სპექტრის დასრულების შემდეგ შესრულდება,“ - აცხადებდა ოზგანი ნოემბრის დასაწყისში.

არძინბა-კოკაიას ბრიფინგის შემდეგ, 16 ნოემბერს, ასლან ბჟანიამ დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას დაავალა, ენერგეტიკის სექტორში თანხების სავარაუდო გაფლანგვაზე გასაჯაროებული დოკუმენტის ასლის ავთენტურობა და მართებულობა 15 დღის ვადაში საფუძვლიანად შეემოწმებინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ