თურქეთმა შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობა დაასრულა

თურქეთმა შავ ზღვაში მდებარე საქარიას საბადოდან ხმელეთსა და წყალქვეშ მილების გაყვანა დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების სისტემა მზად არის. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმესმა განაცხადა, რასაც სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისი თქმით, თურქეთი პროექტზე მუშაობას განაგრძობს, რომ საქარიას საბადოდან გაზის მიწოდება 2023 წლისთვის დაიწყოს, რომლის რესურსების გამოყენება 25-30 წლის განმავლობაში არის შესაძლებელი.

მინისტრის მონაცემებით, პირველ ეტაპზე, 2023 წელს წარმოება 10 მილიონი კუბური მეტრი იქნება, შემდეგ კი სამუშაოები მიწოდების მოცულობის გაფართოებისთვის გაგრძელდება და, დაახლოებით, 4 წელიწადში წარმოება 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ამ მაჩვენებლამდე მიღწევით თურქეთის საცხოვრებელ კორპუსებში გამოყენებული გაზის მთლიანი მოცულობა შავი ზღვის საბადოს ხარჯზე დაიფარება.

დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა ზამთრის სეზონზე არ შეექმნება და არც ტარიფების ცვლილება არის მოსალოდნელი.

თურქეთმა თავის ჩრდილოეთ, შავი ზღვის სანაპიროზე ბუნებრივი აირის საბადო 2020 წელს აღმოაჩინა, რომლის სავარაუდო მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ