მსოფლიო ბანკმა უკრაინას 60 მილიონი დოლარი გამოუყო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 60 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო განვითარების ასოციაციისგან 50 მილიონი დოლარი შეღავათიანი პირობებით გამოიყო, ლატვიიდან კი ქვეყანამ გარანტიის სახით 10 მილიონი დოლარი მიიღო.

„მადლობელი ვართ ლატვიის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის გუნდის, უკრაინის ფინანსური სტაბილურობისთვის მათი მხარდაჭერისთვის. თანხები საშუალებას მისცემს უკრაინას, გააძლიეროს საჯარო სექტორის თანამშრომლების დაფინანსება, ასევე გააგრძელოს უკრაინაში მდგრადი საჯარო ადმინისტრაციის უზრუნველყოფა“, - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ.

უწყებაში განმარტავენ, რომ თანხა მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფო ორგანოებისა და საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე.