ჩნდება როგორც კორუფციის, ასევე პროტექციონიზმის რისკები - მაია სიდამონიძე ტურიზმის შესახებ კანონპროექტზე

გიდების სერტიფიცირება, ტუროპერატორების რეგულირება, ტურისტული ოპერატორებისა და ტურისტების ურთიერთობა - „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე პარლამენტი მსჯელობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ სფეროს არა რეგულაციები, არამედ განათლების სისტემის მოწესრიგება გააჯანსაღებს.

„გასულ კვირაში იყო შეხვედრა, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ დავესწარი. ზოგადად პროცესი მიდიოდა ასოციაცებთან მოლაპარაკებებით და კონსულტაციებით. ეს ჯერ არ არის საბოლოო სახე, რაც კანონის პროექტს აქვს, სამუშაოები ისევ მიმდინარეა, ამიტომ გამიჭირდება კონკრეტული შეფასება. პრინციპების დონეზე კი, დამატებითი რეგულაციების წინააღმდეგი ვარ. რეგულაციები აჩენს კორუფციულ რისკებს. უნდა შეიქმნას დამატებითი ორგანო, რომელიც ჯერ კვალიფიციურ კადრებს შექმნის და ამის შემდეგ გააკონტროლებს, რამდენად სრულდება რეგლამენტები. ძალიან მკაცრი აღსრულების შემთხვევაშიც კი, ჩნდება როგორც კორუფციის ასევე, პროტექციონიზმის რისკები.

მთავარი რაც უნდა მოხდეს, ტურიზმის სექტორში საგანმანათლებლო სფეროს მოწესრიგებაა. რეალურად ეს არის საფუძველი, რომ სტანდარტები გაიზარდოს. თორემ, საერთაშორისო გამოცდილებითაც მიდგომა სხვადასხვაა. არის რეგულაციების და დერეგულირებული ბაზრის გამოცდილებაც, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში“, - განუცხადა მაია სიდამონიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ინფორმაციისთვის, ტურიზმის შესახებ ახალმა კანონმა 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს.

თამარ მუკბანიანი