ბიტკოინის ფასი გაიზარდა - როგორ იცვლება კრიპტოვალუტების ღირებულება

ბოლო 24 საათში კრიპტოვალუტებმა შემცირებული ფასები მცირედით აღიდგინეს - Bitcoin-ის ღირებულება 5.2%-ით, 16,500 დოლარამდე გაიზარდა. მცირედით გაძვირების მიუხედავად, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი მაინც მკვეთრად დაკლებულია და 5 ნოემბრის შემდეგ 24.5%-ითაა გაუფასურებული.

საქმე იმაშია, რომ ციფრული ვალუტების ფასზე ნეგატიურად აისახა რიგით მეორე კრიპტობირჟის, FTX-ის გაკოტრება.

როგორც ცნობილი იყო, FTX-ის შეძენას Binance აპირებდა მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეიცვალა და Binance-ის მფლობელებმა სემ ბენქმენ-ფრიდის FTX-ის შეძენა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლების მიერ გამოძიების გამო გადაიფიქრეს.

ამჟამად გაკოტრების საფრთხის წინაშე პლატფორმა Genesis Global-ია, რომელიც ერთგვარი ბანკის ფუნქციას ასრულებს კრიპტოინდუსტრიაში. კომპანიამ უკვე განუცხადა ინვესტორებს, რომ თუ 1 მილიონი დოლარის კაპიტალის მობილიზებას ვერ შეძლებს, გაკოტრების გამოცხადება მოუწევს.

Genesis-ის ლიკვიდურობის კრიზისის მიზეზი, თავის მხრივ, FTX-ის მოულოდნელი ჩამოშლაა, რომლის სავაჭრო ანგარიშზეც კომპანიას 175 მილიონი დოლარი ჰქონდა განთავსებული.

Genesis კრიპტოსამყაროს სტაბილურობის ერთ-ერთ საზომად ითვლება და მისი პრობლემები მთლიანი ინდუსტრიის მდგომარეობასაც ასახავს. შესაბამისად, კრიზისი ერთი კომპანიიდან მეორეზე სწრაფად და ჯაჭვურად ვრცელდება.

გთავაზობთ 10 უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებას ბოლო 24 საათში:

  • Bitcoin – ზრდა - 5.2%, ღირებულება - 16,494 დოლარი;
  • Ethereum – ზრდა - 6.6%, ღირებულება - 1,161 დოლარი;
  • Tether – 0%, ღირებულება - 1 დოლარი;
  • BNB – ზრდა - 7.6%, ღირებულება - 272 დოლარი;
  • USD Coin – 0%, ღირებულება - 1 დოლარი;
  • Binance USD – ზრდა - 0.1%, ღირებულება - 1 დოლარი;
  • XRP – ზრდა - 6.3%, ღირებულება - 0.378 დოლარი;
  • Dogecoin – ზრდა - 9.9%, ღირებულება - 0.081 დოლარი;
  • Cardano ADA – ზრდა - 4.6%, ღირებულება - 0.316 დოლარი;
  • Polygon – ზრდა - 9.6%, ღირებულება - 0.086 დოლარი.
კახი ჩაკვეტაძე