ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ციფრული ბანკის ჩარჩოს მიზანია, ბაზარზე უფრო მოქნილი, სწრაფი და ტექნოლოგიურად მეტად განვითარებული ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ციფრული ბანკის ჩარჩოს მიზანია, ბაზარზე უფრო მოქნილი, სწრაფი და ტექნოლოგიურად მეტად განვითარებული ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ და ტრადიციულ საბანკო სერვისებს კონკურენცია გაუწიონ. ამის შესახებ პაპუნა ლეჟავამ BMG-ის ეთერში ისაუბრა და იმ კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა დაკმაყოფილების შედეგადაც საქართველოში პირველმა ციფრულმა ბანკმა - Paysera-მ ოპერირების ლიცენზია მიიღო.

პაპუნა ლეჟავას განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ჩარჩოს შემოღებისას შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ბიზნეს მოდელები წაეხალისებინა და მათთვის ბაზარზე შემოსვლა გაემარტივებინა.

„ციფრული ბანკის ბიზნეს მოდელი ითვალისწინებს, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი პროდუქტები ან იგივე პროდუქტები, მაგრამ განსხვავებულად, უფრო მარტივად და იაფად მიაწოდოს მომხმარებლებს. ჩვენ ციფრული ბანკის ჩარჩოს შემოღებისას შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ტიპის ბიზნეს მოდელები წავახალისოთ და გავუმარტივოთ მათ ბაზარზე შემოსვლა. ეს ითვალისწინებს 50-მილიონიანი კაპიტალის მოთხოვნის მაგივრად ამის 10%-ის ანუ 5 მილიონის კაპიტალის მოთხოვნას, საწყის ეტაპზე, თუმცა ამ ჩარჩოს აქვს სამწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის ბოლოსაც ციფრულმა ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს სრულად საბანკო მოთხოვნა ანუ 50 მილიონამდე უნდა შეავსოს.

სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც ციფრული ბანკი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს, ეხსნება შეზღუდვა სხვადასხვა ტიპის სერვისების მიწოდებებზე. დღეს Paysera-ს ლიცენზია გავეცით საკმაოდ შეზღუდული პირობებით - პირველი 3-4 თვის განმავლობაში მას ექნება მხოლოდ ვირტუალურ რეჟიმში ოპერაციების განხორციელების უფლება, ხოლო როგორც კი დააკმაყოფილებს პირველი ეტაპის გარკვეულ მოთხოვნებს, სხვა ტიპის სერვისების შეთავაზებასაც შეძლებს.

ჩვენ გვაქვს 3 წლის სამოქმედო გეგმა გაწერილი თავად აპლიკანტთან ერთად. როგორც კი ახალ ეტაპებზე გადავა Paysera ბანკი, ყოველ ახალ ეტაპზე ეროვნული ბანკი გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, თუ რა ახალი პროდუქტების შეთავაზებას განახორციელებს ის“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მან ასევე განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ციფრული ბანკის პირველი ლიცენზია გაიცემოდა, საკმაოდ ხანგრძლივი და დიდი სამუშაოს ჩატარება გახდა აუცილებელი სიახლის იმგვარად დასანერგად, რომ დეპოზიტარები მაქსიმალურად დაცულები ყოფილიყვნენ.

„ზუსტად იმიტომ დასჭირდა პირველი ლიცენზიის გაცემას ამდენი დრო, რომ ეს ჩარჩო ჩვენთვისაც ახალი იყო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა რისკი მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული, დეპოზიტარების თანხებს საფრთხე არ შექმნოდა“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ, რომელმაც ასევე აღნიშნა: რომ „ციფრული ბანკებიც დააკმაყოფილებენ ანალოგიურ მოთხოვნებს, რასაც კომერციული ბანკები, თუმცა ციფრული ბანკის ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე გარკვეული რეგულაციები შეიძლება არ იყოს მათთვის რელევანტური“.

ცნობისთვის, ლიეტუვაში N1 ფინტექის ლიცენზიის მფლობელი კომპანია Paysera-ს პარტნიორი კომპანია საქართველოში, ციფრული ბანკის ლიცენზიით დაიწყებს ფუნქციონირებას. 2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს პეისერა საქართველოზე კომერციული ბანკის მე-15 და ციფრული ბანკის პირველი ლიცენზია გასცა. აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით, ბანკი ბაზარზე ოპერირებას 4 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზია გასცა.