„ჩვენი სუვერენიტეტი 90-იანებს ემსგავსება“ - რუსი პროპაგანდისტები აღიარებენ, რომ რუსეთი არაფერს აწარმოებს და იმპორტის ჩანაცვლება ჩავარდა

ცნობილი რუსი პროპაგანდისტები უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთში იმპორტის ჩანაცვლება საერთაშორისო სანქციების პირობებში. ამის შესახებ პორტალი „გორდონი“ წერს.

ტელეოკომპანია „როსია 1“-ზე „60 წუთის“ წამყვანმა, ევგენი პოპოვმა, რომელსაც გადაცემა მეუღლესთან, ასევე, კრემლის პროპაგანდისტ ოლგა სკაბეევასთან ერთად მიჰყავს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასავლური ქონებისა და აქტივების ნაციონალიზაციის იდეა გააკრიტიკა. ამ იდეას ამჟამად კრემლში განიხილავენ.

პოპოვი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნაციონალიზაციის შემთხვევაში რუსებს არაფერი დარჩებათ.

„ერთხელაც ეს გერმანული წარმოების Sapsan-ის მაღალსიჩქარიან ელექტრომატარებლებს შეეხება და ვეღარაფრით ვიმგზავრებთ, ასევე, გაქრება დასარეკი საშუალებები და პრობლემები შეგვექმნება ფრენებთან დაკავშირებითაც, რადგან რუსეთს დღემდე არ შეუქმნია შორი მანძილის საკუთარი თვითმფრინავები. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ყველაფერი დასავლური გვაქვს,“ - აცხადებს პოპოვი.

თავის კოლეგას კიდევ ერთი რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი გამოეხმაურა, რომლემაც Telegram-არხზე ევგენი პოპოვი „შაბლონების დამსხვრევისა“ და „პრობლემებზე მწვავე რეაგირების“ გამო შეაქო. იმპორტის ჩანავლების პოლიტიკა სოლოვიოვმაც გააკრიტიკა და ღიად განაცხადა, რომ ის „ჩავარდა.“

„სპეცოპერაციიდან, თითქმის, ცხრა თვის შემდეგ ხალხი უბრალო მსმენელად ყოფნას წყვეტს და შედეგების მოთხოვნას იწყებს,“ - წერს სოლოვიოვი პოპოვის მონოლოგზე.

მისი თქმით, ხალხი არა მხოლოდ ომის წარუმატებელ ტაქტიკაზე, არამედ იმპორტის ჩანაცვლების ჩავარდნაზე პასუხისმგებელი პირებითაც დაინტერესებულია.

„ხალხს სურს, მიიღოს პასუხი: რა იქნება შემდეგ?! ხალხს არ სურს ძველი მატარებლებით სიარული, მაშინ, როცა დიდი ხანია, მთელ მსოფლიოში განვითარებული Sapsan-ებით მგზავრობენ. ასევე, აუცილებელია უსაფრთხო ფრენებიც, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში, ელემენტარულად, სმარტფონები და პლანშეტებიც საჭიროა, რისი წარმოების დაწყებაც 10 წლის განმავლობაში ვერა და ვერ შევძელით,“ - წერს სოლოვიოვი.

მან აღიარა, რომ „კარგად არ მუშაობს“ განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს რუსები დიდი მიზნისთვის იბრძვიან და სუვერენიტეტის გულისთვის შეზღუდვებს აიტანენ.

„ყველაფერი აზრს დაკარგავს, თუ ჩვენი სუვერენიტეტი 90-იანებს დაემსგავსება, როცა ადამიანებს არაფერი ჰქონდათ. სუვერენიტეტი გვექნება მხოლოდ მაშინ, როცა საუკეთესოს შევქმნით, არავისზე ვიქნებით დამოკიდებული და ჩვენს პროდუქტებზე სხვებსაც დამოკიდებულს გავხდით,“ - წერს კრემლის პროპაგანდისტი.

16 ნოემბერს Radio Free Europe / Radio Liberty-ს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტს, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ის რუს ჩინოვნიკებს, პროპაგანდისტებს, აღმასრულებლებსა და სხვა პირებს შეეხება, რომლებიც პუტინის რეჟიმს უჭერენ მხარს. ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტი დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ქმედებების გამო სხვადასხვა ქვეყნის სანქციებს უკვე ექვემდებარება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ