ფინანსთა სამინისტრო "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსგან" მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ უარყოფას ითხოვს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ბრალდებებს პასუხობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს არასწორი მონაცემების გამოქვეყნებაში ადანაშაულებს, უწყება განცხადებას ავრცელებს და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსგან" მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ უარყოფას ითხოვს. "არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაადანაშაულა 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი მონაცემების გამოქვეყნებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს კვალიფიციური და ზუსტი ინფორმაცია:

• 2014 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში გადაჭარბებით მიღებული საგადასახადო შემოსავლებიდან 82 მლნ ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესით, მიიმართა დაბრუნების ქვეანგარიშზე.

აღნიშნულზე საზოგადოებას ინფორმაცია არაერთხელ მიეწოდა, მათ შორის, ფინანსთა მინისტრის მიერ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველა საჯარო განცხადების დროს, ასევე 2015 წლის 16 იანვარს სახაზინო სამსახურის უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე (http://www.mof.ge/News/6277) და ფინანსთა მინისტრის გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 12 მარტს;

• საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ქვეანგარიშზე გადატანილი თანხები არ აღირიცხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელში, არამედ წარმოადგენს დეპოზიტზე ნაშთის დაგროვებას;

არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, წესით უნდა იცოდეს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აღნიშნული დებულებები...

• საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადება იმის თაობაზე, რომ "2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა", რბილად რომ ვთქვათ არალოგიკურია, რადგან დამატებით მიღებულ შემოსავლებსა და დაგეგმილი ხარჯების აუთვისებლობას შორის უბრალოდ არანაირი კავშირი არ არსებობს;

• რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს, ფინანსთა სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადდა და ეს დაადასტურეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლები შეადგინა;

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული მასალა, თითქოს ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შეგნებულად გაზარდა - მცდარია. ან რა მოტივით უნდა გამოექვეყნებინა სამინისტროს დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი ამ მაჩვენებლის შემცირებაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან", ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შესაძლოა მიიღოს ასეთი არაკვალიფიციური ანგარიში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დაუყოვნებლივ, საჯაროდ მოახდინოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.