„სიბნელეში, მაგრამ #უთქვენოდ“ - ჩაბნელებულ მოლდოვაში ანტირუსული ფლეშმობი ამოქმედდა

მოლდოვაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის შემდეგ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #bezvas (#უთქვენოდ) ფლეშმობი ამოქმედდა, რითიც ინტერნეტმომხმარებლები რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ. ინფორმაციას მოლდოვური გამოცემა Newsmaker ავრცელებს.

„სიბნელეში, მაგრამ #უთქვენოდ. ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს სხვა მომავალი უნდა ჰქონდეთ და მათი ნორმალური ცხოვრებისთვის ვიბრძოლებთ ცივილიზებულ სამყაროში,“ - წერს თავის facebook-გვერდზე კომპანია TRACOM-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აურელია სალიკოვა.

ფლეშ-მობს უერთდება ჟურნალისტი, დიმიტრი ჩორიჩი, რომელმაც Telegram-არხზე ბნელ ფონზე თავისი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით, „სიბნელეში, მაგრამ #უთქვენოდ.“

საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელი, დანიელ ვოდე წერს, რომ „მართალია, შუქი ჩაქვრა, მაგრამ უწყება მობილიზებული იყო და აგრძელებს იმ საქმის კეთებას, რაც საუკეთესოდ გამოსდის.“

„ეს ომი უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ“, - წერს ვოდე.

სოციალური აქტივისტ კონსტანცა დოგოტარას განცხადებით, „დენი არ არის, მაგრამ ყველაფერი კარგადაა.“

„ჩვენ ვუძლებთ, რადგან უძლებს უკრაინა იმიტომ, რომ #უთქვენოდ,“ - წერს დოგოტარა.

ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა მოლდოვის პრემიერმინისტრ ნატალია გავრილიცასთან ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ მოლაპარაკებები გამართა და შედეგები Twitter-ზე ჰეშთეგ #bezvas-ით გამოაქვეყნა.

23 ნოემბერს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო მოლდოვის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია შეწყდა. დენის გარეშე დარჩა კიშინიოვის, ბელცისა და რამდენიმე სხვა ქალაქის გარკვეული რაიონები, მათ შორის დნესტრისპირეთიც.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ კიშინიოვი არ ენდობა რუსეთის რეჟიმს, რომელიც ერთ ერს ხოცავს, მეორეს კი სინათლისა და სითბოს გარეშე ტოვებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ