დიდი ბრიტანეთი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიასა და სერბეთს დაახლოებით 28 მლნ ევროს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიასა და სერბეთს დაახლოებით 28 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა გუშინ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, გამოყოფილი თანხა იმ ქვეყნებს უნდა მოხმარდეს, რომლებსაც რუსეთის მხრიდან ძალადობასთან უწევთ გამკლავება. ფინანსური დახმარება აღმოსალეთ ევროპის ქვეყნებმა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად, პოლიციისა და ჯანდაცვის, ასევე საბანკო და საგადასახადო სისტემების რეფორმირებისათვის უნდა გამოიყენონ.

"დიდი ბრიტანეთის გრძელვადიან ინტერესს წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებთან ძლიერი და სტაბილური სახელმწიფოების არსებობა. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი უკრაინა", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.

ფინანსური დახმარება 2015-2016 წლებზეა გათვლილი.