2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.9-ჯერ მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.8 ათასი შეადგინა, რაც 3.3-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 287.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 94.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 48.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.7 პროცენტს შეადგენდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (43.7 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
„ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 314.5 ათასი და 79.4 ათასი ვიზიტი.
2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2022 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 539.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 014.1 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.