Credit Suisse-მა 88,3 მლრდ დოლარი დაკარგა

შვეიცარულმა ბანკმა Credit Suisse-მა, რომელიც ფინანსურ პრობლემებს რესტრუქტურიზაციით აგვარებს, მიმდინარე კვარტლის პირველ კვირებში 88,3 მილიარდი დოლარი დაკარგა.

თანხის ყველაზე დიდი გადინება ბანკის ძირითადი ქონების მართვის განყოფილებაში დაფიქსირდა, რომელმაც აქტივების 10% დაკარგა. დეპოზიტების მოცულობის შემცირების გამო ბანკი საპროცენტო შემოსავლის ნაწილს დაკარგავს.

ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ მეოთხე კვარტალში Credit Suisse-ი 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და 1,6 მილიარდ დოლარამდე იზარალოს. ბანკის განცხადებით, ზარალი გამოწვეული იყო შემცირებული ფინანსური აქტივობით, ბაზრის არახელსაყრელი პირობებით, კლიენტების მუდმივი შემცირებითა და არაძირითადი აქტივების გაყიდვით".

Ethos-ის ანალიტიკოსმა, ვინსენტ კაუფმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Credit Suisse-ისგან ინვესტორებისა და მომხმარებლების ნდობის აღდგენას შესაძლოა, უფრო სერიოზული ფინანსური სტაბილიზაციის ნაბიჯები მოითხოვდეს, ვიდრე ადრე იყო გამოცხადებული.

ერთი წლის წინ, ოქტომბერში, Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 22,3 მილიარდი დოლარი იყო, მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის ეს მაჩვენებელი 10,4 მილიარდ დოლარამდე დაეცა, აქციები კი 56,2 პროცენტით შემცირდა. 27 ოქტომბერს ცნობილი გახდა ბანკის ხელმძღვანელობის გეგმების შესახებ: 2025 წლისთვის პერსონალის 17% შემცირდება, რაც დაახლოებით 9000 თანამშრომელია. სამ წელიწადში კი ბანკში დაახლოებით 43000 ადამიანი დასაქმდება.

ეკა დარჩიაშვილი